საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ეკომიგრაცია დიალოგი და თანამშრომლობა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის“ ფარგლებში, გამართულ დასკვნით კონფერენციას დაესწრნენ.
2013 წლიდან „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს რეგიონულ პროექტს: „ეკომიგრაცია – დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის”.
პროექტის ფარგლებში, რეგიონულ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე განხორციელდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა, როგორებიცაა: რისკის ზონებში მცხოვრები ადგილობრივი თემებისა და უკვე განსახლებული ეკომიგრანტებისათვის ინფორმაციაზე გაუმჯობესებული წვდომა, ასევე, მათი სამოქალაქო აქტივობებში ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და მთავრობებისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების (ტექნიკური ანგარიშები, პოლიტიკის დოკუმენტები, რეკომენდაციები) შემუშავება და წარდგენა; ეკომიგრაციის საკითხზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის წარმოების მიზნით ეროვნული და ტრანსსასაზღვრო თემატური კოალიციების შექმნა და სხვა.
დასკვნითი კონფერენციის თემას წარმოადგენდა - ეკომიგრაცია საქართველოში: გამოწვევები და რეკომენდაციები სამართლებრივ ჭრილში; მიღწეული შედეგები; საუკეთესო გამოცდილების გაზიარება სამიზნე რეგიონებიდან; ეკომიგრანტებისთვის საარსებო მინიმუმის უზრუნველმყოფი პირველადი დახმარების პაკეტი და სხვა.