ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობაში მოსახლეობასთან კომუნიკაციის გააქტიურებისა და გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების ჩართულობის მიზნით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. მრჩეველთა საბჭო გლდანის რაიონის გამგებლის სათათბირო ორგანოა, რომლის შემადგენლობა ყოველწლიურად მტკიცდება გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბრძანებით.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან: მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და გლდანის რაიონის მოსახლეობა.
საბჭოს ძირითად ამოცანაა, უფლებამოსილების განხორციელებისას გლდანის მოსახლეობის ინტერესების, მოთხოვნების, შეხედულებების მაქსიმალური წარმოჩენა და გათვალისწინება. გამგეობის საქმიანობის საჯაროობა და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა.
პირველი შეხვედრა როგორც გაცნობით, ასევე საქმიან ხასიათს ატარებდა.
გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ ქარცივაძემ, შეკრებილ საზოგადოებას გასულ წელს ჩატარებულ სამუშაოებზე ესაუბრა, გააცნო სამომავლო გეგმები, მათ შორის ის პროექტები, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტში გამგეობას აქვს გათვალისწინებული. მისივე თქმით, ქალაქის პრიორიტეტების განხორციელებისათვის ზრუნვაში საბჭოებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ.
მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ,,თბილისზე მზრუნველის“ წოდების მფლობელი, თემურ გოცირიძე აირჩიეს. საბჭო თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მარტის ბოლოს შეიკრიბება.