GWP-ში ​თანამშრომელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი პროგრამა ამოქმედდა

GWP-ში ​თანამშრომელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი პროგრამა ამოქმედდა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც თანამშრომელთა პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზეა ორიენტირებული.

მიმდინარე წელს, კომპანიაში ტექნიკური ინოვაციების დანერგვა იგეგმება, რაც დასაქმებულთა მაღალ კვალიფიციას მოითხოვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი პროგრამა მიზნად ისახავს თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლებას, საწყის ეტაპზე, კომპანიაშივე დასაქმებული ექსპერტების მეშვეობით. ახალი პროგრამა გრძელვადიანია და რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

GWP-ის ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა, პროგრამის ფარგლებში, დიდი გამოცდილების მქონე შვიდი თანამშრომელი-ექსპერტი შეარჩია, რომლებიც თავიანთ ცოდნას კომპანიაში დასაქმებულებს გაუზიარებენ და ამ მიზნით ხუთ სხვადასხვა თემატურ მოდულს გაუძღვებიან. შერჩეული პროფესიონალები, პირველ ეტაპზე, კომპანიის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულ 32-კაციან ჯგუფს გადაამზადებენ. ექსპერტების ტრენერებად გადამზადება და საჭირო უნარების განვითარება კომპანიამ წინასწარ უზრუნველყო.

ტრენინგები საწყის ეტაპზე ჩატარდება სხვადასხვა მიმართულებით: 1. ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სასმელი წყალი; რისკების მინიმიზაცია - ტრენერები: თამარ ნიკურაძე, ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი; ალექსანდრა ფალავანდიშვილი, ცენტრალური საგამოცდო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერი; გიორგი დემურიშვილი, სამგორის საფილტრე სადგურის ექსპლუატაციის სამსახურის ტექნოლოგი; 2.  საქართველოსა და თბილისის წყალმომარაგების ისტორია, თბილისის წყალსადენის განვითარების ეტაპები, მსოფლიო და საქართველოს წყლის რესურსები - ტრენერი: ნიკოლოზ კაკუშაძე - პასპორტიზაციის სამსახურის უფროსი; 3.  წყლის მოპოვების არსებული და უახლესი მეთოდები, ალტერნატიული გზების განვითარება; წყლის დამუშავება-ტრანსპორტირება - ტრენერი: გია მაღრაძე, სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების დეპარტამენტის უფროსი; 4. წყალსადენ-კანალიზაციის პროექტირების საფუძვლები, პროექტის დამუშავება-შედგენა - ტრენერი: მარინა ნაცვლიშვილი, საპროექტო სამსახურის უფროსი; 5. წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემის წყალგამტარი ქსელების მუშაობის მოწესრიგება; ოპტიმალური რეჟიმების რეგულირება - ტრენერი: ევგენი ტიმონინი, აქტივების აღრიცხვისა და განვითარების დირექტორი.

„თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების პროგრამა“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. მომდევნო ეტაპებზე, კომპანიისთვის სტრატეგიული მიდგომებისა და თანამედროვე მიმართულებების შესასწავლად, GWP-ს მენეჯმენტი გარე ექსპერტების  მოწვევასაც გეგმავს.