საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური ჯანდაცვის სამინისტრომ და „გლობალურმა ალიანსმა“ ერთობლივი სოციალური პროგრამა „რა გაწუხებთ?“ დაიწყო. მისი მიზანია ზუსტად განისაზღვროს რა აწუხებს მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში. „ჩვენ არ გვჭირდება რეფორმა რეფორმისთვის. საზოგადოებამ უშუალო და აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს იმ პროცესში, რომელიც ეხება გადაწყვეტილებებს ჯანდაცვის სფეროში“-აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. კითხვარის შევსება ვებგვრდზე www.1505.ge და ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებშია ხელმისაწვდომი.
“დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ამ სოციალურ ინიციატივას და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა:
„ამ კამპანიის შესახებ პირველად თქვენგან გავიგე, ამიტომ, შეფასება გამიჭირდება. თუმცა, ზოგადად მსგავსი ტიპის ინიციატივა, ნამდვილად არაა ცუდი. მეთოდიკა უნდა იყოს სწორად შერჩეული. ნებისმიერ სოციოლოგიურ გამოკითხვას სერიოზული თეორიული მომზადება სჭირდება, მეთოდიკის შერჩევა, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ჯგუფების მიერ განხორციელება. ეს ყველაფერი რამდენაა დაცული, ამ შემთხვევაში,მე არ ვიცი. თუ სრულფასოვანი კვლევა იქნება ჩატარებული ამ მიმართულებით, მოსახლეობის აზრის გაგების მიზნით, ეს ცუდი არ არის.“
ლაშა ჩხარტიშვილმა ისაუბრა ასევე იმ პრობლემებზე, რომლებსაც დღეს ჯანდაცვის სფეროში ვაწყდებით, მისი აზრით ავადობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მაინც ეკოლოგიური პრობლემები, გარემოს დაცვა და საყოფაცხოვრებო ნივთების უვნებლობის საკითხია:
„უპირველეს ყოვლისა, ეს არის ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიზაცია, არათუ არ გაუმჯობესებულა მდგომარეობა, არამედ იგივე დარჩა და გაურესდა კიდეც სააკაშვილის მმართველობის დროს რაც იყო, იმაზე მეტად. ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე მდიდრდებიან ოლიგარქები, ვგულისხმობ სამ კომპანიას, რომლებიც შეზრდილნი არიან ახალ ხელისუფლებასთან, რომლებიც მანამდე ყოფილ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ.
ასევე სერიოზული პრობლემაა პრევენციის მხრივ. დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია არის ის, რამაც შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინოს. პრევენციას ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა, ან, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ეთმობა. საზოგადოებას ეს ბევრ დაკარგულ სიცოცხლედ გვიჯდება, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე საზოგადოებას უჯდება მრავალ დაკარგულ მილიონ ლარად იმიტომ, რომ დროული პრევენცია გაცილებით უფრო იაფია საბოლოო ჯამში, ვიდრე გართულებული შემთხვევების მკურნალობა.“
გეოგრაფიული დაფარვა, პირველადი ჯანდაცვის ობიექტები, გასხვისებული კლინიკები, ეს საკითხებიც ჩხარტიშვილის პრობლემათა ჩამონათვალში გვხვდება.
გარდა ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემებისა, ლაშა ჩხარტიშვილი ასევე გამოეხმაურა იმ პროექტებს, რომლებიც მისი აზრით წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.
„ნამდვილად დადებითი მოვლენაა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. მასაც გააჩნია მთელი რიგი ხარვეზები და სჭირდება დახვეწა, მაგრამ პრინციპულად მისი მომხრე ვარ და ეს ის შემთხვევაა, რომელშიც გამოჩნდა ხელისუფლების ქმედებების კარგი შედეგები, თუმცა ამ დაზღვევიდან გამოყოფილი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის ექიმამდე ან პაციენტამდე, ძირითადი ნაწილი კი კლინიკის მეპატრონეთა ჯიბეში ხვდება. ეს სისტემას ეფექტურობას უკარგავს. ასევე დაიწყო სკრინინგის პროექტები, წინასწარი გამოკვლევები ონკოლოგიის მხრივ, შეიძლება ვისაუბროთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც, მაგრამ ეს პრეპარატი საბოლოოდ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ჯერ არ ვიცით, ამიტომ ამ პროგრამის შეფასება ჯერ ნაადრევია, ინიციატივა კი - საინტერესო“, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.