საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ცვლილებების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ალექსანდრე მაშკევიჩის თაობაზე სმენია და მის განზრახვას საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციები განახორციელოს, მიესალმება: „ნებისმიერ ინვესტიციას, რომელიც მიმართული იქნება, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვის სერვისები და მედიკამენტები, ცხადია, მივესალმები. სპეციალისტი არ ვარ, შესაბამისად, გამიჭირდება საუბარი, „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი მედიკამენტები ხარისხიანი იქნება თუ უხარისხო. ზოგადად, ხარისხის კონტროლი და უვნებლობის საკითხები, სახელმწიფოს პრეროგატივაა და მისი რეგულაციების სფეროა. სახელმწიფო ვალდებულია ნესბისმიერი პრეპარატის სარგებლობა და უვნებლობა ობიექტურად შეაფასოს“.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი ალექსანდრე მაშკევიჩი, პარტნიორებთან ერთად, მზადაა საქართველოში რამდენიმე პროექტი განახორციელოს კომპანიების მეშვეობით, რომელთა ინტერესის ძირითად საგანს სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული სექტორები წარმოადგენს.
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას” იმპორტირებული მედიკამენტები სააფთიაქო ქსელებში უკვე გამოჩნდა. კომპანიას ასევე დაწყებული აქვს რეგიონში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფარმაცევტული ქარხნის, ხარისხის კონტროლის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ლაბორატორიისა და სასაწყობო ცენტრის მშენებლობა. ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ტენდერში „ალფამედიკ კონსორციუმი“ მონაწილეობს, რომელმაც სატენდერო კომისიას საკმად მიმზიდველი წინადადებები შესთავაზა. საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია მზადაა სექტორში სოლიდური ინვესტიციები განახორციელოს.