ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელი სოსო ცისკარიშვილი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ცნობილი მილიარდერის, ალექსანდრე მაშკევჩის შემოსვლის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ასეთი მსხვილი ინვესტიცია, ასეთი მასშტაბური შესაძლებლობები ჩვენი ფარმაკოლოგიის განვითარებისთვის, ისევე, როგორც მთლიანად ჯანდაცვის სივრცისთვის, მარტივად მოსაძიებელი არ არის.
„ნებისმიერ თემაზე შეიძლება იყოს კომენტარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კუთხით. რაც შეეხება ბატონი მაშკევიჩის ბიზნესს, ბევრი წყაროს მიერ იქნა მითითებული, რომ ის არ გახლავთ ეული და მას ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის საკმაოდ პოზიტიური გამოცდილება აქვს. მიამჩნია, რომ ასეთი მსხვილი ინვესტიცია, ასეთი მასშტაბური შესაძლებლობები ჩვენი ფარმაკოლოგიის განვითარებისთვის, ისევე, როგორც მთლიანად ჯანდაცვის სივრცისთვის, მარტივად მოსაძიებელი არ არის.
მედიკამენტები ეს ის მიმართულებაა, რომელზეც რაიმე პოლიტიკური წინამძღვრების ამოტივტივებით მხოლოდ ვავნებთ რეალობას. ამიტომ, მაშკევიჩია ინვესტორი თუ ვინმე სხვა, მთავარია მისი ფინანსური შესაძლებლობები და მის მიმართ კეთილგანწყობა სეგმენტისა, რომელშიც მან უნდა განათავსოს ინვესტიცია“, –აცხადებს ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, კონკურენცია რომ აუცილებელია ჩვენს ფარმაცევტულ სივრცეში, ამაში უკვე 10 წელიწადზე მეტია გვარწმუნებს არსებული რეალობა. „საგულისხმოა, რომ ახლა წინსწრებად არის დაწყებული შავი პიარი იმასთან დაკავშირებით, რომ იაფი წამალი არის მავნებელი პაციენტისთვის. ეს მაშინ, როდესაც რატომღაც იგივე წყაროები დუმან იმის თაობაზე, თუ რა ხარისხის წამალი შემოდიოდა წლების განმავლობაში და სად იყო ძაღლის თავი დამარხული, ვერავინ მოიძია. სინამდვილეში, ჩვენთან იყო და დღესაც არსებობს ფარმაცევტული ლობი, რომელიც, რასაკვირველია, არ არის უპირველეს ყოვლისა პაციენტის ბედით დაინტერესებული.
ვიქონიოთ იმედი, რომ ქართულ ბაზარზე მაშკევიჩს შემოსვლა სიკეთის მომტანი იქნება. გარკვეულწილად, მაქვს ინფორმაცია საკმაოდ გრანდიოზული ჩანაფიქრების შესახებ, მაგრამ ყველაფერი ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმდინარეობდეს ჩვენი საზოგადოების აქტიური მონიტორინგის პირობებში“, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.