სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ციხის გადატვირთულობის პრობლემებს და მათზე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კუთხით რეაგირებას ეძღვნებოდა. ღონისძიება ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. რეგიონულ კონფერენციაში ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის თანამშრომლობის სამმართველოსა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვის სასჯელაღსრულების, პრობაციის და იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ციხის გადატვირთულობის პრევენციისა და ამ პრობლემის აღმოფხვრის კუთხით საკუთარ ქვეყნებში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
კახა კახიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე და ჩატარებულ სამუშაოზე, რამაც მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა, სუიციდის პრევენციის პროგრამა, პროფესიული სწავლების კურსები, სამედიცინო ცენტრი შშმ პირებისთვის და არასრულწლოვნებისთვის შინაპატიმრობა ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა.
რაც შეეხება სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს, კახიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში იგეგმება N7 დაწესებულების დროებით დახურვა და მისი რეაბილიტაცია, ასევე დაბა ლაითურში მაღალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის დასრულება და 14-დან 21 წლამდე პირთათვის სპეციალიზებული სარეაბილიტაციო დაწესებულების აშენება. გარდა ამისა, სულ მალე აშენდება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება ქალი მსჯავრდებულებისთვის.
„2012 წლიდან ჩვენი სექტორის ინტენსიური რეფორმირება მიმდინარეობს და ამ მხრივ, პოსტ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ. კოლეგებთან ერთად, ვმსჯელობთ როგორც ციხეების გადატვირთულობის პრობლემაზე, ასევე, ზოგადად, ამ დარგის რეფორმირებაზე. მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, ადამიანის უფლებები დავიცვათ, მეორეს მხრივ კი, სარეჟიმო პირობების შესრულება იყოს უზრუნველყოფილი. სასჯელაღსრულების სისტემა კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, მყარად უნდა ვითარდებოდეს და მკაცრად დეპოლიტიზებული იყოს,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.
შეხვედრაზე ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის წარმომადგენელმა, საქართველოს მიერ ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების კუთხით მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი და განაცხადა: „შთამბეჭდავია საქართველოს ხელისუფლების მიერ ციხის გადატვირთულობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მიღწეული შედეგები“. მისივე თქმით: „საქართველო უკვე რამდენიმე წელია ინარჩუნებს პატიმართა რაოდენობას და მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენაა“.
ბორის ვოდზის განცხადებით, პოზიტიურ შედეგს, რომელიც სახეზეა, ფართომასშტაბიანი ამნისტიის გარდა ხელი კომპლექსურმა რეფორმებმა შეუწყო, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამნისტრო ახორციელებს.
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებით, კონფერენციის მიზანი ციხეებში გადატვირთულობის პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება და ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე მსჯელობა იყო.
„ჩვენი მიზანია შევაგროვოთ ინფორმაცია ციხეებში გადატვირთულობაზე. ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ გავნიხილავთ სხვადასხვა ასპექტებს პრევენციული ზომების მისაღებად. საუბარი ეხება სასჯელის მოხდასთან დაკავშირებულ და პატიმართა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებს“, - განაცხადა კრისტიან ურსემ.
კონფერენციაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა საქართველოს ციხეების გადატვირთულობის აღმოფხვრის საკითხებსა და ქვეყანაში პრობაციის სააგენტოს მუშაობის პრინიცპის შესახებ პრეზენტაცია გამართა.