2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენის, მოვლასა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 14 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. კერძოდ, სკოლების გახსნა დაგეგმილია ბაღდათის, ონისა და ცაგერის რაიონებში. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში, ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, მსურველები უფასოდ შეისწავლიან უძველეს ქართულ სიმღერებსა და ტრადიციულ გალობას. ასევე სკოლებში დასაქმდებიან ადგილობრივი, პროფესიონალი ლოტბარები. გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდებს, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, განათლება უფასოდ მიიღონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. გარდა ამისა, ახალგაზრდებს შეეძლებათ, ჩაერთონ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში, რაც საგრძნობლად გამოაცოცხლებს რეგიონის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებას.
„მიუხედავად იმისა, რომ სალოტბარო სკოლების უმეტესობა ერთი წელი არ არის, რაც გაიხსნა, საკმაოდ კარგ შედეგებს მივაღწიეთ. რამდენიმე სკოლამ (ამბროლაური, კასპი, ოზურგეთი...) უკვე მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში, კონცერტსა თუ ფესტივალში. გაზაფხულზე დაგეგმილია, ყველა სკოლის ვიზიტი თბილისში და ერთობლივი კონცერტის გამართვა” - გვითხრა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსმა თამარ ახობაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2015 წელს სალოტბარო სკოლებს რეგიონებში (კასპი, გორი, ბორჯომი, ზესტაფონი, ხობი, ოზურგეთი, თეთრიწყარო) ქართული ხალხური საკრავები (ფანდური, ჩონგური, სალამური, ჭუნირი, ჩანგი), საოფისე ინვენტარი და გამათბობლები გადასცა. 2016 წლისათვის დაგეგმილია ყველა სალოტბარო სკოლისათვის საკრავებისა და ინვენტარის შეძენა და ინფრასტრუქტურის გამართვა. წარმომადგენლობების (ცენტრების) საქმიანობის ძირითადი მიზანია: ეთნოფორებთან მუშაობა, ფოლკლორული მასალების მოძიება, ჩაწერა-დაფიქსირება, არქივის შექმნა და ბაზის გამდიდრება. ადგილობრივი ცენტრების საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მხარეა - მომავალი თაობისათვის სწავლება, ადგილობრივი კადრებისა და სპეციალისტების აღზრდა, ქართულ ფოლკლორში კუთხურობის შენარჩუნება და დამკვიდრება. ამ მიზნით, უკვე გახსნილ წარმომადგენლობებში შექმნილია სალოტბარო სკოლები - სიმღერა-გალობა და ქორეოგრაფიული განყოფილებები, მალე გაიხსნება ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოები.