ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის, ჰუმანითი ჯორჯიას გამოჩენას მოქმედი კომპანიების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. მათი თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ფარმაცევტული ბაზარი კონკურენტულია. კონკურენცია კი არის პროგრესის მამოძრავებელი ძალა და ეს ყველაზე მეტად, საბოლოო ჯამში, მომხმარებელს წაადგება სასიკეთოდ:
,„თუ ზოგიერთს ჰგონია, რომ არსებული ფარმაცევტული კომპანიებისთვის ახალი კომპანიის გამოჩენა პრობლემას წარმოადგენს, ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენი სააფთიაქო ქსელისთვის ჰუმანითი ჯორჯია არის ისეთივე პარტნიორი და მიმწოდებელი, როგორც არის ჩვენთვის დღემდე არსებული ყველა ჩვენი პარტნიორი ,,გლაქსო სმიტ კლაინი“, ,,ფაიზერი“, ,, სანოფი ავენტისი“ და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ავერსის აფთიაქებში იყოს ყველა ის მედიკამენტი, რომელიც არის დარეგისტრირებული ჯანდაცვის სამინისტროს რაც შეეხება წარმოებას, ავერსისთვის ნებისმიერი მწარმოებელი არის კონკურენტი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ბაზარი არსებობდეს კონკურენციის გარეშე და იყოს ერთი წარმოება, ან, თუნდაც, ორი და სამი. საქართველოს მიმართულება არის ისეთი რომ ნებისმიერ ბიზნეს კომპანიას, იქნება ეს ქართული თუ უცხოური, შეეძლოს ბაზარზე თავისუფალი მოღვაწეობა იმისათვის, რომ მოგებული იყოს მომხმარებელი როგორც ხარისხით, ისე ფასით. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ კონკურენცია არის პროგრესის მამოძრავებელი ძალა“– აღნიშნა ავერსის გენერალურმა დირექტორმა, პაატა კურტანიძემ.
ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე ჯი პი სის გენერალურმა დირექტორმა, დავით კილაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ამ სფეროს განვითარება სწორედ კონკურენციის დამსახურებაა: „ქართული ბაზარი მაღალკონკურენტულობით გამოირჩეოდა, და თავისთავად კონკურენციამ შექმნა ის გარემოება, რომ ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ალბათ ყველაზე განვითარებულია. თუ ავიღებთ შესადარებლად სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ფარმაცევტულ ბაზრებს. ამის დასტურია, რომ კიდევ ერთი ახალი კომპანია შემოდის ბაზარზე. ეს გახლავთ მაჩენებელი იმისა, რომ ბაზარი გახსნილია ყველა სიახლისთვის“.
,,იმპექს ფარმას“ დირექტორის, დავით კოხრეიძის აზრით კი ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლა კონკურენციას გააძლიერებს, რაც დარგის განვითარებას წაადგება.
ფარმაცევტულმა კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიამ“ წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაასრულა. უახლოეს დღეებში მომხმარებლს ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების მინიმუმ 30 %–ით დაბალ ფასად შეძენა შეეძლება. უახლოეს მომავალში კი სააფთიაქო ქსელები ავერსი, იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმ სახლი და GPC სხვა ჯგუფის მედიკამეტებითაც მომარაგდება.