GWP ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სამუშაოებს ხვალ დილით დაასრულებს

GWP ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სამუშაოებს ხვალ დილით დაასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, წყალსადენის მაგისტრალის აღდგენით სამუშაოებს ხვალ დილით დაასრულებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გუშინ, 16:00 საათიდან, უწყვეტ რეჟიმში ატარებს აღდგენით სამუშაოებს ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სადაც 1400 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური წყალდენის მონაკვეთი ავარიულადაა დაზიანებული.

კომპანიის სადისპეტჩერო სამსახურმა გლდანის რაიონის ნაწილისთვის წყალმომარაგების შეწყვეტის სამუშაოები ღამის 01:00 საათიდან დაიწყო, მანამდე კი  სპეცბრიგადებმა, ტექნიკური სამუშაოების გარკვეული ნაწილი წყალმომარაგების შეწყვეტის გარეშე ჩაატარეს. მათ შორის, გაკეთდა განათხარი მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის გარშემო და გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია სამუშაო მოედნის მოსამზადებლად.

ამ ეტაპზე სამუშაოები უშუალოდ დაზიანებულ მაგისტრალზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სპეცტექნიკა. ტექპერსონალი შედუღების სამუშაოებს დაახლოებით 2 საათში დაიწყებს, რასაც მილში შიგნიდან შეღწევით განახორციელებს.

წყალსადენის საკვანძო მაგისტრალის დაზიანების მიზეზი რკინა-ბეტონის რამდენიმეტონიანი კონსტრუქცია გახდა, რომელიც სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩაფლული მიწაში და მილზე ზეწოლას ახდენდა.  კომპანიის ბრიგადებს რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ადგილზე დაშლა და მისი ცალკეულ ნაწილებად ამოღება მოუწიათ.  ავარიული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების გართულება და დროში გახანგრძლივება სწორედ ამ ფაქტით არის განპირობებული.

ავარიული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები, ხვალ, დილის 5 საათისთვის დასრულდება. შესაბამისად, წყალმომარაგება თემქის მე-3 და გლდანის მიკრორაიონებს, ასევე მათ მიმდებარე ქუჩებსა და დასახლებებს, ხვალ, 16 თებერვლის დილის 8 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება.

წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპანია გლდანის რაიონის იმ უბნებს, რომლებსაც წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, სასმელ წყალს ავტოცისტერნებით აწვდის.

წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.