სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  გამართა. ღონისძიებას  მთავრობის წევრები,  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლები, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის ლიდერები, არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის უწყება  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს. „აღნიშნულ დოკუმენტი ითვალისწინებს როგორც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების  ჩართვას მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში, ასევე, რელიგიური აღმსარებლობის ხელშეწყობას, რასაც  სამინისტრო ზედმიწევნით ასრულებს.  პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად შედის რელიგიური შინაარსის  ლიტერატურა, ასევე, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელ სასულიერო პირებს საშუალება აქვთ დაწესებულებაში შევიდნენ და რელიგიური რიტუალები ჩაატარონ“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი საქართველოში კაპელანის ინსტიტუტის ჩამოყალიბებასა და დახვეწას ითვალისწინებს.

„შეთანხმება გულისხმობს  ერთის მხრივ, რელიგიური უფლებების დაცვასა და განხორციელებას  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მეორეს მხრივ, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების შემუშავებას. გარდა ამისა, მემორანდუმი მოიცავს კაპელანის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, მათ შორის, სათანადო პერსონალის  საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადებას და შემდგომ სასწავლო-მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას“, - აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.

მემორანდუმის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ვალდებულებას იღებს თანამშრომლობის სფეროს მიკუთვნებული ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სააგენტოს ჩართულობა უზრუნველყოს, სააგენტო კი, სასჯელაღსრულების უწყებასა  და საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს შორის  შუამავლის როლს შეასრულებს.