„2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საკომიტეტო მოსმენაზე, სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
რეკომენდაციები შეეხებოდა პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას, ნგრევადი და სიცოცხლისათვის საშიში შენობებიდან დევნილი ოჯახების განსახლებას და კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებში მცხოვრები დევნილებისათვის უმოკლეს ვადაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნგრევად ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხზე. 2013 - 2015 წლებში სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებულ იქნა 90-მდე დევნილთა განსახლების ობიექტი. აღნიშნული ობიექტებიდან 38 დაიხურა და დევნილი ოჯახები გადაყვანილ იქნენ ქ. თბილისსა და საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ახალაშენებულ კორპუსებსა და რეაბილიტირებულ შენობებში. 2013 - 2015 წლებში ნგრევადი ობიექტებიდან გაყვანილ იქნა 728 დევნილი ოჯახი. 2016 წელს სამინისტროს დაგეგმილი აქვს იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზებულად განსახლების ყველა იმ ობიექტის შესწავლა, რომელიც ჯერ არ არის გადაცემული დევნილთათვის საკუთრებაში.