ფარმაცევტულ კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ფილიალის მიერ საზოგადოებასთვის წარდგენილ მასალას, რომელიც „ჰუმანითი ჯორჯიას“ საქმიანობას ეხება, მიკერძოებული, არაკომპეტენტური და არაობიექტურია. მასალაში არ არის წარმოდგენილი არც „ჰუმანითი ჯორჯიას“ და არც მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების პოზიციები და უხარისხო, ნაჩქარევი და არაპროფესიონალური დასკვნებია გამოტანილი.
ასე რომ ყოფილიყო და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ფილიალი გონივრული ვადით მაინც დალოდებოდა (რამდენიმე კითხვით მოგვმართეს 9 თებერვალს, „კვლევა“ კი უკვე 12 თებერვალს წარმოადგინეს, მაშინ როდესაც ჩვენს მიერ მიწერილ წერილზე არც გვიპასუხეს) მათთვის საინტერესო საკითხებზე ჩვენს გამოხმაურებას, რადიკალურად განსხვავებულ სურათს მიიღებდა. ასეთი სულსწრაფობა და გამიზნული თუ უნებლიე უყურადღებობა, სამწუხაროდ, გვაფიქრებინებს, რომ ჩვენდამი მათი მომართვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
განსაკუთრებით გაურკვეველია ჩვენი მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით „კვლევაში“ დაფიქსირებული ეჭვები. და ეს მაშინ, როცა ფორმალურად გამოგზავნილ კითხვებშიც კი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ფილიალი არ დაინტერესებულა, მაგალითად ასეთი საკითხით, - გააჩნია თუ არა ჩვენს მიერ იმპორტირებულ მედიკამენტებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის დასკვნები ხარისხთან და შესაბამისობასთან მიმართებაში.
სამწუხაროა და უცნაურია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ფილიალი არ დაინტერესებულა იმ სააფთიაქო ქსელების პოზიციით, რომელიც მომავალი კვირიდან ჰუმანითის პროდუქციას მიაწვდის მომხმარებელს. არ დაუსვამს კითხვა თუ რატომ თანამშრომლობს ყველა მსხვილი სააფთიაქო ქსელი „ჰუმანითი ჯორჯიასთან“?
ეს ზედაპირულობა გვაფიქრებინებს, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ფილიალი მიზნად ისახავდა ჩვენი კომპანიის გამიზნულ დისკრედიტაციას და სათავეშივე არ უზრუნია რეალური და ობიექტური კვლევის ჩატარებაზე.
ჩვენი კომპანია ღიაა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ცრუკვლევების და მათი დამკვეთების უპასუხოდ დატოვებას.
გამოვთქვამთ გულწრფელ წუხილს, რომ ფაქტების არასწორი ინტერპრეტირებისა და ფაქტობრივი გარემოებების დამახინჯების პრაქტიკა ჩრდილს აყენებს და უხერხულ მდგომარეობაში აგდებს არასამთავრობო ორგანიზაციას, რის შედეგადაც მისი კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.