„ალექსანდრე მაშკევიჩი მზადაა დაეხმაროს  საქართველოს ინვესტიციებით სამედიცინო სფეროში“

„ალექსანდრე მაშკევიჩი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ინვესტიციებით სამედიცინო სფეროში“

საქართველოს ფარმაცევტული სექტორში დაგეგმილ ინვესტიციებზე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

„ჯანდაცვის სექტორში დაწყებული რეფორმა და დაგეგმილი ინვესტიციები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდია თავისი მასშტაბებით. ეს ეხება არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს, არამედ ზოგადად ყველა მიმართულებას. საუბარია 1 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე ჯანდაცვის სექტორის ორ სეგმენტში - ეს არის ჰოსპიტალური და ფარმაციის სექტორი.

ამ სფეროებში ინვესტიციებს ცნობილი ბიზნესმენი და მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩი ახორციელებს. ეს  არის პიროვნება, რომელიც დავოსის ფორუმზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად იყო სადისკუსიო თემის წამყვანი და წარმოადგენდა ყაზახეთის სახელმწიფოს.

ალექსანდრე მაშკევიჩი არის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, ძალიან უყვარს საქართველო. მან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ მზად არის საქართველოს დაუდგეს გვერდით და დაეხმაროს ინვესტიციებით მედიცინის სფეროში. მას ამ სფეროში აქვს დიდი გამოცდილება. ქართულ პრესაში გამოქვეყნდა განცხადება, სადაც მაშკევიჩი ამბობს, რომ მზადაა საქართველოში ჩადოს მილიარდზე მეტი ინვესტიცია. მას ასეთი ინვესტიციები განხორციელებული აქვს „ჰუმანითი ჯორჯიაში“ და ამბობს, რომ თუ ტენდერში გაიმარჯვებს კომპანია „ალფამედიკის  კონსორციუმი“, რომელსაც ყველაზე საუკეთესო შანსი აქვს გამარჯვების, მზადაა ნახევარ მილიარდზე მეტი ჩადოს“,- განაცხადა დავით საგანელიძემ.