ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ, ხელი შეუწყოს დევნილთა სოციალურ - ეკონომიკურ ინტეგრაციას მათ საცხოვრებელ ადგილზე, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოს მათი სახელმწიფო სუბსიდიაზე დამოკიდებულებიდან, თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსების გზით, თვითკმარობაზე გადასვლა.
2016 წლისათვის პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა 250 000 ლარს შეადგენს.
პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:
1. სასოფლო სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს თანადაფინანსებული გრანტების გაცემის გზით სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების დაფინანსებას, სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვას;
2. თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, როგორიცაა მცირე ბიზნეს ინიციატივებისა და თვითკმარობაზე მიმართული პროექტები.
საგრანტო პროგრამა ვრცელდება შემდეგ რეგიონებზე: სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.
საგრანტო განაცხადებს განიხილავს და შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამარჯვებულებს გამოავლენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ შექმნილი საგრანტო კომისია, რომლის წევრებსაც სამინისტროსა და სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად დამოუკიდებელი ექსპერტები წარმოადგენენ.
შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტის საშუალებით შესაძლებელი იქნება 2016 წლის 16 თებერვლამდე.
შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@livelihood.gov.ge ან t.gavasheli@livelihood.gov.ge
ყველა შეკითხვა შესაბამის პასუხთან ერთად 2016 წლის 23 თებერვლამდე გამოქვეყნდება შემდეგ მისამართზე: http://livelihood.gov.ge/ge/faq
საგრანტო კონკურსისა და საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს და სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე www.mra.gov.ge და www.livelihood.gov.ge. ასევე სამინისტროს და სააგენტოს Facebook გვერდებზე.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ღია კარის დღე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს 12:00 საათზე გაიმართება. ღია კარის დღეზე სამინისტროს და სააგენტოს თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვდებიან.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 7 მარტი.