გლდანის რაიონის გამგეობაში კომპანია bp ,,საქართველოს მილსადენი კომპანიის (GPC)-ს, კვლევითი კომპანია (ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფი) ACT -ს და გლდანის მოსახლეობას შორის საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კომპანია ამჟამად ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სექციური ცვლილებების პროექტზე მუშაობს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით, სუფსის ტერმინალამდე, ნავთობის ტრანსპორტირების ოპერაციების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ამაღლებას.
WREP მილსადენის სექციური ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს მარშრუტის ცვლილებას დაახლოებით 13,6 კმ. სიგრძის მილსადენის მონაკვეთზე. სექციური ცვლილებების ის ნაწილი, რომლის განხორციელებაც იგეგმება გლდანის გამგეობის ტერიტორიაზე მოიცავს 11 კმ-ის სიგრძის მონაკვეთს, 3კმ. დიამეტრზე სოფელ გლდანის, გლდანულას, ავჭალისა და ალუბლეთის დასახლებას.
შესაბამისი ღონისძიებები ტარდება იმ მიწათმფლობელებისა და მიწათმოსარგებლეების ინტერესების დასაცავად, რომელთა ნაკვეთებზეც ზემოქმედებას მოახდენს მილსადენის მშენებლობა და ექსპლუატაცია.
გლდანის რაიონის გამგეობის საშუალებითა და თანადგომით, კომპანია bp-სა და აღნიშნული ტერიტორიების მოსახლეობას შორის შედგა კომუნიკაცია და მათ მიეწოდათ ინფორაცია ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. მსგავსი შეხვედრები პერიოდულად გაიმართება.
მზადების ეტაპზეა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განსაჯაროვდება და მოგვიანებით დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
,,დღეიდან კომპანია bp-სა და კონტრაქტორი ორგანიზაციების თანამშრომლები დაგვიკავშირდებიან და ჩაატარებენ შეხვედრებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსაწოდებლად. ამ პროექტის ნაწილია საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება შესაბამისი დასახლების მაცხოვრებლებთან და ოფიციალურ პირებთან. რაც მიზნად ისახავს დაიტერესებული მხარეებისათვის პროექტის გაცნობას. კომპანიას ექნება გლდანის გამგეობის სრული მხარდაჭერა გამგეობის შემადგენლობაში შემავალ იმ დასახლებებთან ურთიერთობაში, რომლებიც აღნიშნული პროექტის სიახლოვეს მდებარეობენ“ - გვითხრა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ.
მარშრუტის ცვლილება შეეხება მთლიანი ნავთობსადენის სამ მონაკვეთს. ძირითადი სამუშაოების დაწყება იგეგმება 2016 წლის ბოლოს, ხოლო დასრულება 2019 წელს.