საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური წარმომადგენლის მოადგილემ ჰაი შელოუმ გორში, ტურბაზის ჩასახლებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გაეროს ჰუმანიტარული ტვირთი ჩაუტანეს.
დევნილებს საოჯახო ნივთების კომპლექტები (ლეიბები, საბნები, ქვაბები და სხვა) გადაეცათ.
ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
გორში, ტურბაზის ჩასახლებაში უკვე 26 წელია 134 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის 32 ხის კოტეჯებში, რომლებიც სამხარაულის სახელობის ექსპერტoზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია.
დევნილებთან შეხვედრისას მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ნგრევად შენობებში მცხოვრები ოჯახები, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემულ კორპუსში ახალ ბინებს მიიღებენ. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი და კორპუსის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოების დასრულებამდე, სამინისტრო ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრებ 4 ოჯახს, მათი თანხმობის საფუძველზე, ქირის თანხას უხდის. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო ქირის თანხით სხვა დევნილ ოჯახებსაც უზრუნველყოფს.
გაეროს მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების აქცია არ არის ერთჯერადი და ის დევნილთა სხვა ჩასახლებებშიც გაგრძელდება. შიდა ქართლის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება კიდევ 480 დევნილ ოჯახს გადაეცემა.