გაგარინის ქუჩაზე, ასფალტის ახალი საფარის 10 დღის ვადაში დაგებას, უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უზრუნველყოფს. ამით კომპანია გაგარინის ქუჩაზე გზის დაზიანებული სავალი ნაწილის რეაბილიტაციას დაასრულებს. საუკეთესო კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად, კონსულტაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ ეტაპზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურთან გადის.
უშუალოდ ასფალტის ახალი საფარის დაგებამდე, ჩატარდება ყველა აუცილებელი წინასწარი სამუშაო მაღალი ხარისხის შედეგის უზრუნველსაყოფად. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, მოქმედებების განხორციელებისას, სრულად გაითვალისწინებს თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის რეკომენდაციებს. ამასთან, კომპანია, წინასწარი გარანტიის სახით, კონტრაქტორთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში, ასფალტის საფარის საექსპლუატაციო ვადად მინიმუმ 3 წელს მიუთითებს იმ პირობით, რომ ასლფალტის საფარის შესაძლო დეფორმაციის შემთხვევაში, საგზაო სამუშაოები ხელახლა ჩაატარდება.
ავტო-სატრანსპორტო მოძრაობა გაგარინის ქუჩასა და ჟვანიას მოედანზე სრულად არის აღდგენილი, ასევე მოწესრიგებული და მოხრეშილია დაზიანებული გზის სავალი ნაწილი.
გაგარინის ქუჩაზე გამავალი 1000 მმ-იანი თუჯის მაგისტრალის ავარიულად დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოკლე დროში დაასრულა, რაც კომპანიამ მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინტენსიური სამუშაოების შედეგად შეძლო.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, დილით, ჟვანიას მოედნის მიმდებარედ, გაგარინის ქუჩაზე გამავალი მაგისტრალური წყალდენის ავარიულად დაზიანების მიზეზი ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა გახდა.