„ქართული გალობა რომში“ - თბილისში ფონდი „ქართული გალობის“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. დოკუმენტური ფილმი ეძღვნება ქართული სიმღერა-გალობის ფესტივალს, რომელიც ფონდის ინიციატივითა და უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით რომში, Serapchicum-ის საკონცერტო დარბაზში, 2014 წლის 7 დეკემბერს გაიმართა. კონცერტის ორგანიზატორები ასევე იყვნენ დასავლეთ ევროპის, ავსტრია-გერმანიისა და ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიები. ფილმის სცენარის ავტორი და პროდიუსერია თამარ ბართაია, რეჟისურა და მონტაჟი ეკუთვნის გიორგი ბართაიას.
ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით ფონდმა „ქართული გალობა" კიდევ ერთი აუდიო და ვიდეოალბომი გამოსცა, სახელწოდებით — „ჩემს სამშობლოს...". ფილმის ჩვენების დასასრულს, სწორედ აღნიშნული აუდიო-ვიდეოალბომის პრეზენტაციაც შედგა, რომელშიც შესულია დოკუმენტური ფილმი და ევროპაში არსებული 6 ქართული სამრევლოს გუნდის აუდიოჩანაწერები.
დოკუმენტური ფილმი და ფონდის ახალი გამოცემა მიეძღვნა ქართველ ემიგრანტებს.
„ფილმი და აუდიოდისკი ეძღვნებათ ქართველ ემიგრანტებს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ შრომობენ და მოღვაწეობენ. ფილმში მოთხრობილია იმ კონცერტის შესახებ, რომელიც რომში, ერთი წლის წინათ გაიმართა სახელწოდებით „ქართული პოლიფონია - კაცობრიობის საგანძური“. ეს იყო ერთგვარი ზეიმი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპაში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომელთათვისაც ცნობილია ქართული სიმღერა და გალობა“, - ფონდ "ქართული გალობის" წევრი, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, სვიმონ ჯანგულაშვილი
„მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იყო ის ემოცია, ის მუხტი, რაც რომში კონცერტზე სუფევდა. დოკუმენტური ფილმის მიზანია არ დარჩენილიყო კადრს მიღმა ეს ემოცია. მთელი ევროპის მგალობელთა გუნდებმა ერთად მოიყარეს თავი, ეს იყო ზეიმი და ისტორიას დავუტოვეთ, თუ როგორი განწყობა სუფევდა რომში,“ - აღნიშნა რომის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მამა იოანემ (ხელაია).
„ფონდი „ქართული გალობა“ განაგრძობს ქართული ტრადიციული გალობის პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთში ქართულ ეპარქიებთან და ცდილობს მხარში ედგას ემიგრაციაში მოღვაწე ქართულ გუნდებს. ჩვენი მიზანია საქართველოს გარეთ, ქართულ ეკლესიებში არსებობდეს პროფესიონალთა მგალობლთა გუნდები“ - განმარტა ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა.
„ფონდის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იღწვიან ქართული საეკლესიო და ტრადიციული მუსიკის აღდგენა-პოპულარიზაციისთვის. ფონდისთვის უდიდესი პატივია მონაწილეობა მიიღოს ამ საშვილიშვილო საქმეში“ - ითქვა ფილმის პრემიერის დასასრულს.
2014 წლის 7 დეკემბერს კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს ევროპის ეკლესიების სამრევლოებთან არსებული ქართული გუნდები:
პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „თამარიონნი“(ხელმძღვანელი: ვალერი შარიფაშვილი),
ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს სიმღერისა და გალობის გუნდი “GEORGIA” (ხელმძღვანელი: დავით ტყეშელაშვილი),
ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „ბარაკონი“ (ხელმძღვანელი: დავით ცხვედიანი),
დიუსელდორფის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი (ხელმძღვანელი : ბექა ფერაძე),
ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „ნანილა“ (ხელმძღვანელი: ნანა ჩიხიაშვილი),
მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის სიმღერისა გალობის გუნდი (ხელმძღვანელი: ნანა გობეჩია) რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი (ხელმძღვანელი: ეკატერინე კაჭარავა).
კონცერტში მონაწილე გუნდებს ფონდმა „ქართული გალობა“ სამახსოვრო სიგელები და ფონდის სიმბოლური ქანდაკებები გადასცა.