დღეს, 26 იანვარს, 18:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ-ივერიაში“ ფონდი „ქართული გალობის“ ინიციატივითა და ხელშეწყობით დოკუმენტური ფილმის "ქართული გალობა რომში" პრემიერა გაიმართება.
დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერია თამარ ბართაია. მნიშვნელოვანია, რომ ფილმი ეძღვნება ქართული სიმღერა-გალობის კონცერტს, რომელიც ფონდი "ქართული გალობის" ინიციატივითა და უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით რომში, Serapchicum-ის საკონცერტო დარბაზში, 2014 წლის 7 დეკემბერს გაიმართა.
ფილმის ჩვენების დასასრულს, შედგება აუდიო და ვიდეოალბომის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია დოკუმენტური ფილმისა და ევროპაში არსებული ქართული სამრევლოების გუნდების აუდიო ჩანაწერები.
ფონდი„ქართული გალობა“ განაგრძობს ქართული ტრადიციული გალობის პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთში ქართულ ეპარქიებთან და ცდილობს მხარში ედგას ემიგრაციაში მოღვაწე ქართულ გუნდებს. ფონდის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იღვწვიან ქართული საეკლესიო და ტრადიციული მუსიკის აღდგენა-პოპულარიზაციისთვის. ფონდისთვის უდიდესი პატივია მონაწილეობა მიიღოს ამ საშვილიშვილო საქმეში.
შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს ქ. რომში Serapchicum-ის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით საქველმოქმედო ფონდმა „ქართული გალობა“-მ ევროპაში მცხოვრები ქართველებისათვის საზეიმო კონცერტი სახელწოდებით “ქართული პოლიფონია - კაცობრიობის საგანძური” გამართა, რომლის ორგანიზატორები ასევე იყვნენ დასავლეთ ევროპის, ავსტრია-გერმანიისა და ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიები.
კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს ევროპის ეკლესიების სამრევლოებთან არსებული ქართული გუნდები: პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „თამარიონნი“(ხელმძღვანელი: ვალერი შარიფაშვილი), ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს სიმღერისა და გალობის გუნდი “GEORGIA” (ხელმძღვანელი: დავით ტყეშელაშვილი), ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „ბარაკონი“ (ხელმძღვანელი: დავით ცხვედიანი), დიუსელდორფის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი (ხელმძღვანელი : ბექა ფერაძე), ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „ნანილა“ (ხელმძღვანელი: ნანა ჩიხიაშვილი), მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის სიმღერისა გალობის გუნდი (ხელმძღვანელი: ნანა გობეჩია) რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი (ხელმძღვანელი: ეკატერინე კაჭარავა). კონცერტში მონაწილე გუნდებს ფონდმა „ქართული გალობა“ სამახსოვრო სიგელები და ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილი საპატიო ქანდაკებები გადასცა.