გრიპის შემთხვევების სიხშირისა და სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მომართვიანობის გაზრდის გამო, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკათა ქსელი უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას სამედიცინო დაწესებულებების სამუშაო საათების გაზრდის შესახებ. დღეიდან ქსელში არსებული 11 კლინიკა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ეს კლინიკებია: გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრი, საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი, ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სამტრედიის ამბულატორიული ცენტრი, ხონის ამბულატორიული ცენტრი და ჭიათურის ამბულატორიული ცენტრი. „ჯეო ჰოსპიტალსის“ ამბულატორიული სამსახურის სამუშაო საათები განისაზღვრა 9:00-21:00 საათამდე, როგორც სამუშაო დღეებში, ასევე შაბათ კვირას.
აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ რიგში მოემსახურება, სამედიცინო სერვისებისადმი გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად პაციენტთათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ამასთან ხელს შეუწყობს როგორც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობას ასევე, სტაციონარების გადაუდებელი/მიმღები განყოფილებების განტვირთვას.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის პერსონალს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ჩატარებული აქვს სწავლება გრიპის შემთხვევების პრევენციისა და მართვისათვის. დაწესებულებები მომარაგებულნი არიან შესაბამისი მედიკამენტებითა და სახარჯი მასალით. სპეციალისტები ასევე მიაწვდიან ინფორმაციას ბენეფიციარებს დაავადების თავიდან აცილების გზების შესახებ.
პირველ ეტაპზე საგანგებო სამუშაო რეჟიმი განისაზღვრა 2 კვირის ვადით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გახანგრძლივდება მოთხოვნილების შესაბამისად.