იანვარის ბოლოს, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის და ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
ამ ფონზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განცხადებას აკეთებს და ადასტირებს, რომ „იანვრის ბოლოდან საშუალება გვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობებს“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.
“ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, ჰუმანითის ლობირება რაიმე სახით. ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას და, ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალ-ყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს. თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”, – განაცხადა სერგეენკომ. დასასრულს, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემასაც.
აღნიშნულ თემას ოჯახის ექიმი, ნატო შენგელია გამოეხმაურა
- რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერ სახელმწიფოში, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი აუცილებლად უნდა სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანილი. ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც შემოაქვთ საზღვარგარეთიდან, აქაც უნდა გადიოდეს ტესტირებას, თუნდაც ბიოექვივალენტობაზე, თუ რამდენად შეესაბამება იგი მასში შემავალ ნივთიერებას, რადგან ძალიან ხშირად იყო შემთხვევბი, როცა ზოგიერთი მედიკამენტი სააბაზანოში და სარდაფში მზადდებოდა. უხარისხო წამალმა შეიძლება არა მხოლოდ არ იმოქმედოს, არამედ ის მავნებელი და საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. შედეგად, ხარისხის კონტროლის გამკაცრება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
- ინდოეთში წარმოებული მედიკამენტების მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ?
- მედიკამენტი ინდურია, თურქული თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმოების, თუ ის გადის ყველა საჭირო ღონისძებას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ ჯენერიკის დამტკიცებისთვის და მას დამადასტურებელი სერტიფიკატი და დოკუმენტაცია გააჩნია, ჩემთვის მსიაღებია. მწარმოებელი ქვეყანა მედიკამენტის ხარისხს არ განსაზღვრავს.
- მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება იგივე ინდური მედიკამენტების მიმართ სანდოობის გაზრდას რამდენად გამოიწვევს?
- რა თქმა უნდა, ნამდვილად გაიზრდება ნდობა ინდური მედიკამენტების მიმართ.
- მალე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვა, რომელიც სწორედ ინდოეთიდან განახორციელებს მედიკამენტების იმპორტირებას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით....
- თუ მათ აღნიშნული სერტიფიკატები გააჩნიათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომ მედიკამენტები იქნება ინდური. ინდოეთი ინგლისის კოლონია იყო და დიდ ბრიტანეთს ძალიან ბევრი ქარხანა გააჩნია.
- როგორ ფიქრობთ, ახალი კომპანიის გამოჩენა დადებითად აისახება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე?
- რა თქმა უნდა. გაიზრდება კონკურენცია და მედიკამენტები შედარებით იაფი ეღირება. თანაც, ინდოეთში მუშახელი იაფი და მათ ფასს ესეც განაპირობებს. ამიტომ, ახალი მოთამაშის გამოჩენა ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუ ამ ყველაფრის პარალელურად მედიკამეეტების ხარისხი გაკონტროლდება.