20-22 იანვარს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ორგანიზებით, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და თავშესაფრის საკითხებზე კონფერენცია იმართება.
ღონისძიება დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძე გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
კონფერენციაში, ქართულ მხარესთან ერთად, მონაწილეობას იღებენ თავშესაფრისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სფეროში ევროკავშირის პარტნიორი წევრი ქვეყნების წარმომადგენლები გერმანიიდან, პოლონეთიდან, ფინეთიდან და ავსტრიიდან.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მიგრაციის მართვა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მეთოდოლოგიის დახვეწა. ასევე, მხარეებმა თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადების წარმოშობის ქვეყნების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.
აღსანიშნავია, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თავშესაფრის საკითხებში, მათ შორის: პოლონეთის უცხოელთა ოფისთან, გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ ოფისთან, ავსტრიის თავშესაფრისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრთან (ACCORD) და ა.შ.