გაზეთი „პრაიმტაიმი“ 18 ნომრის ფურცლებიდან იტყობინება, რომ ანალგინი და ლიდოკაინი – ეს იმ წამლების ამპულებია, რომლებსაც გამოძახებაზე მყოფი სასწრაფო დახმარების ექიმები ვერ ტეხენ და შესაბამისად, პაციენტს დახმარების აღმოჩენასაც უგვიანებენ.
შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების წამლებით მომარაგების პასუხისმგებლობა აიღო. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, მოამარაგოს შემსყიდველი სათანადო ხარისხის პრეპარატებით და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება თავად უზრუნველყოს. კომპანია ანალგინისა და ლიდოკაინის ამპულებს თვითონ არ აწარმოებს და, როგორც გაირკვა, ფარმაცევტულ კომპანია „ბიოფარმისგან“ ყიდულობს, თუმცა ხარისხზე პასუხისმგებელი „ავერსია“.
როგორც სასწრაფო დახმარების ექიმები, ისე პაციენტები უკმაყოფილობას გამოთქვამენ, რომ გამოძახებაზე მისულები ამპულის გატეხასა და წამლის დროულად გაკეთებას ვერ ახერხებენ. სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმის თქმით, ისეთი ამპულებია, რომ მყარია და არ ტყდება. „ერთ-ერთ პაციენტთან ლამის მთელი ოჯახი ცდილობდა ამპულის გატეხვას და მაინც ვერ მოხერხდა. მერე სხვა წამალი გავუკეთეთ” - აცხადებენ ისინი.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ამპულის გატეხის პრობლემები არსებობს. ადმინისტრაციამ კომპანია „ავერსს“ პრობლემის მოგვარების მიზნით წერილითაც კი მიმართა.
„ბოლო ორი თვეა, ერთ-ერთი ამპულის გატეხასთან დაკავშირებით პრობლემებია, ახალ ამპულებს, ზოგადად, აქვს ხოლმე გატეხის წერტილი, ამ ამპულებს კი არ აქვს. მივმართეთ ოფიციალური წერილით და არ ვიცით, რას მოიმოქმედებენ. ახალი წელი დაიწყო და უკვე ახალი ტენდერია გამოცხადებული, ვნახოთ, რა იქნება, შეიძლება ვერც გაიმარჯვონ“, – აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.
კომპანია „ავერსში“ არ უარყოფენ, რომ წერილი მიიღეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ პრობლემის მოგვარება წამლის შესყიდვის ფასის გაძვირების საჭიროებას აყენებდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისთვის მიუღებელი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ „ავერსს“ სატენდერო ვალდებულებები 2015 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. „ჩვენ შევთავაზეთ ტენდერში რამდენიმე სახის ამპულა. უფრო მაღალფასიანი და დაბალფასიანი, სასწრაფოს მაღალფასიანი არ აწყობს, პრობლემის გამოსწორება კი წამლის საფასურის ზრდას მოითხოვს, სასწრაფო ამას არ ეთანხმება, ორმხრივი წინააღმდეგობაა“, – აცხადებენ კომპანიის პრესსამსახურში.
კითხვაზე, თუ რას აპირებს „ავერსი“ ხარვეზის გამოსასწორებლად? კომპანიაში გვპასუხობენ, რომ არაფერს. ირკვევა, რომ ვალდებულების ერთი წელი უკვე გასულია, ხოლო „ავერსი“ პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს, მაშინ როდესაც ხარისხზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. ამას აწერს ხელს სატენდერო ხელშეკრულებაშიც. „მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა, წუნდებული საქონლის შეცვლა და კონტროლის შედეგად დაზიანებული საცდელი ნიმუშების ღირებულების დაფარვა“, – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანია „ავერსსა“ და სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ შორის დაიდო. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს უხარისხო ამპულებით ამარაგებდა.
ანალოგიური ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, ექპერტები, მედიკოსები და პოლიტიკოსები მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდას მიესალმებიან და ჯანდაცვის სამინსიტროს ინიციატივას მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე დროულს უწოდებენ, ასევე აცხადებენ,რომ „მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.
შეგახსენებთ, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება. ამის თაობაზე საქართველოს ჯანდაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინათ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტი წარუდგინა.
"ჯანდაცვის სამინისტროდან სამი საკითხი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი არის "სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამის" დამტკიცების შესახებ. აღნიშნული პროგრამა წინა წლებშიც მოქმედებდა, თუმცა პროგრამაში უნდა შევიდეს გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას. ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა. თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.