GWP ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“-ს 2016 წლის მანძილზე წყლის კომუნალურ გადასახადს დაუფარავს
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“-ს 2016 წლის მანძილზე მოხმარებული წყლის კომუნალურ გადასახადს თავად დაუფარავს. კომპანიის მენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება, ორგანიზაციის სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ, თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად მიიღო.
ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით, აბასთუმნის N4-ში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციას - „ბავშვი და გარემო“, დღეს, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს სხვა წევრები, ასევე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე და კომპანიის ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლები ნათლისღების დღესასწაულის მილოცვის მიზნით ეწვივნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც, სადღეისოდ, მუდმივად 80-მდე ბენეფიციარი ბავშვი ჰყავს, სტუმრებმა სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, წიგნები და ტკბილეული გადასცეს.
საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატები და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები „ბავშვი და გარემო“-ს მუშაობის სპეციფიკას, ასევე, სხვადასხვა პროგრამის მიმდინარეობას დეტალურად გაეცნენ და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ამ ეტაპზე ორგანიზაციის წინაშე დგას.
როგორც „ბავშვი და გარემო“-ს ხელმძღვანელთან, ნანა იაშვილთან საუბრისას გამოიკვეთა, უახლოეს მომავალში, ორგანიზაციაში ბენეფიციარ ბავშვთა რაოდენობის მკვეთრად ზრდა იგეგმება. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტმა, საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2016 წლის მანძილზე, ორგანიზაციას წყალმომარაგების კომუნალური გადასახადი დაუფაროს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს კომპანია ბენეფიციარ ბავშვთა კომუნალური პირობების გაუმჯობესებაზეც იზრუნებს და საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის კუთვნილ შენობაში წყალსადენისა და კანალიზაციის შიდა გაყვანილობასაც მოაწესრიგებს.
ორგანიზაციაში „ბავშვი და გარემო“ ერთი ქოლგის ქვეშ სამი სხვადასხვა მიმართულების ბავშვთა ცენტრი მოქმედებს: ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა კრიზისული სადღეღამისო ცენტრი „ბეღურები“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრი „იმედი“ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრი „ცისარტყელა“. სამივე ცენტრი ერთ შენობაშია განთავსებული. „ბავშვი და გარემო“ ყველა პროგრამას სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს.