მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ მომზადებული საინფორმაციო კატალოგის პრეზენტაცია

მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ მომზადებული საინფორმაციო კატალოგის პრეზენტაცია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ მომზადებული საინფორმაციო კატალოგის პრეზენტაციას დაესწრო. 

პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად,  2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი  გამოიყო. აღნიშნული თანხა მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო მომსახურების გასაწევად, გრანტის სახით,   არასამთავრობო  ორგანიზაციებზე  გაიცა. არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევა კონკურსის წესით განხორციელდა.

სარეინტეგრაციო მომსახურებები გულისხმობს: პირველად სამედიცინო დახმარებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას, პროფესიული და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დაფინანსებას, ანაზღაურებად სტაჟირებას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,  მიკრო ბიზნესის დაფინანსებასა და იურიდიულ მომსახურებას.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში  სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად  600 000 ლარი გამოიყო.

პრეზენტაციაზე მინისტრმა სოზარ სუბარმა სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სარეინტეგრაციო პროგრამების წარმატებულად განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის სერტიფიკატები გადასცა.  ღონისძიებას ასევე დაესწრო დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე.

საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  მათ მიერ შესრულებული სამუშაოები მიმოიხილეს.

პრეზენტაციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება  საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიპიარ ჯგუფის“  ორგანიზებით გაიმართა.