ექიმები ჯენერიკ მედიკამენტების შესახებ ინფორმაციულობის დაბალ დონზე საუბრობენ
ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების შესახებ პროგრამის ამოქმედებას გეგმავს. მსგავსი პროგრამა ადრეც მოქმედებდა საქართველოში, თუმცა ახლა მის შინაარსში გარკვეული შესწორებები შედის და ხარისხის კონტროლი უფრო გამკაცრებულია. იგეგმება, რომ გარდა საქართველოში არსებული ლაბორატორიისა, მედიკამენტების და ნედლეულის ხარისხი გადამოწმდება ევროპის წამყვან, ლიცენზირებულ კლინიკებში.
აღნიშულ თემასთან და ჯანდაცვის სისტემაში ბოლო დროს გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფექციონისტსა და გასტრო–ენტეროლოგს, ირაკლი ხმალაძეს ვესაუბრეთ.
ვიდრე მთავარ თემაზე გადავიდოდეთ, მოკლედ შევაჯამოთ ჯანდაცვის უწყების მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები. რომელს გამოყოფდით?
– ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური თუ გეტყვით, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ბოლო პერიოდის ყველაზე წარმატებული, საჭირო და დროული იყო. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შვება აღმოჩნდა მკურნალობის უფასო კურსის ჩატარება. რეალურად ბევრი ადამიანი სიკვდილს უყურებდა თვალებში და ამ პროგრამამ მათ რეალური შანსი და გამოჯანმრთელების იმედი მისცა.
– ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივაა, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი ქვეყანაში გაიზარდოს. კონტროლის გამკაცრებაზე რა აზრის ხართ?
– მონიტორინგი საჭიროა, მაგრამ ეს უნდა იყოს რეალური და არა მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი. არ უნდა იყოს მიმართული მონიტორინგი კონკრეტული კომპანიის დაჩაგვრისაკენ. ვგულისხმობ იმას, რომ შემოწმება სპეციალურად ან შურისძიების ან ჩაძირვის მიზნით არ ხდებოდეს.
– რა აზრის ხართ ინდოეთში წარმოებულ ჯენერიკ მედიკამენტებზე და იყენებთ თუ არა პრაქტიკაში?
– ჩემთვის ცნობილია რამდენიმე მაღალი ხარისხის ინდური პრეპარატი, როემლსაც პაციენტებს ვუნიშნავ. როდესაც ადამიანს რაიმე წამალს დაუნიშნავს ექიმი, აუცილებლად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში, რომ მაგალიათად, ეს წამალი არის ინდური, არის ჯენერიკი, არის ბრენდი და ა.შ. მყავს პაციენტები, რომლებიც კატეგორიულად ითხოვენ, რომ დაუნიშნო ბრენდი, ზოგს კი ფინანსური პრობლემის გამო იაფი წამლის მიღება ურჩევნია. საკმაოდ კარგი პრეპარატები გვაქვს საქართველოში ადგილობრივი წარმოების, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კონკრეტული ქვეყნის წარმოებულ პრეპარატებზე კი არა, განურჩევლად ყველაზე უნდა ხორციელდებოდეს კონტროლი. შესაბმისად, გაიზარდოს ინფორმაციულობის დონე, რაც ასევე გაზრდის ნდობას ჯენერიკების, მათ შორის, ინდური წარმოების მედიკამენტების მიმართ.
– ამ ფონზე როგორ უყურებთ ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას, რომელმაც ინდური წარმეობის ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტირება უნდა განახორციელოს?
– წამლები მართლაც, კატასტროფულად ძვირია საქართველოში. სიძვირეს ალბათ იწვევს ოლიგოპოლია და კარტერული შეთანხმება ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. როგორ შეიძლება, რომ ერთი და იგივე წამალი ოთხ სააფთიაქო ქსელში ზუსტად იგივე ფასი ღირდეს? უნდა დააწესის სახელმწიფომ მოგების მარჟა ან შექმნას სახელმწიფო აფთიაქი, სადაც ყველა კატეგორიის წამალი შეღავათიან ფასად გაიყიდება. ახალი კომპანიის გამოჩენა ბაზარზე, მით უფრო, თუ ის ინდოეთიდან მაღალი ხარისხის ჯენერიკების იმპორტირებას განახორციელებს, კარგია უდავოდ.
– ჯანდაცვის სფეროში რა პრობლემები შეინიშნება, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ ექიმებს? რის გამოსწორებას ისურვებდით?
– ბოლო დროს ექიმების მიმართ საკმაოდ აგრესიული და ხშირი პრეტენზიები მესმის ხოლმე. ზოგადად, უშეცდომო არავინ არის, თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ ექიმი დაუცველ მდგომარეობაშია. შეიძლება კონკრეტული მედიკამენტი იყოს ფალსიფიცირებული, არ იყოს ეფექტიანი, მკურნალობამ კი არ გამოიღოს შედეგი. პაციენტი კი მაშინვე ექიმზე თავდასხმაზე გადმოდის. ექიმების უმეტესობას შრომის შესაბამისი ანაზრაურება არ აქვთ. ბევრი კარგი სპეციალისტი ისრაელისა და ამერიკის წამყვანი კლინიკების შესანიშნავი სპეციალისტები არიან. იმის მაგივრად, რომ ამ ცოდნას საქართველოს მოსახლეობას ახმარდნენ, უწევთ საზღვარგარეთ მუშაობა, რადგან იქ უფრო დაფასებულები არიან. ეს საკმაოდ, დასანანი ფაქტია.