ე.წ. შეშელიძის ხევში გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე აღდგენითი სამუშაოები რთულ პირობებში მიმდინარეობს

ე.წ. შეშელიძის ხევში გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე აღდგენითი სამუშაოები რთულ პირობებში მიმდინარეობს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გუშინ ღამიდან, გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს გლდანის რაიონში, ე.წ. შეშელიძის ხევში გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, რომელიც გუშინ საღამოს დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოები რთულ პირობებში მიმდინარეობს, რადგან ერთი მხრივ, მაგისტრალურ მილამდე მისასვლელი გზა დაჭაობებულია ხევიდან ჩამდინარე წყლებით, მეორე მხრივ კი, წყლის მაგისტრალის სიახლოვეს ასევე გადის ფოლადის სხვა კომუნიკაციებიც.

იმ მიზნით, რომ  უშუალოდ დაზიანების ადგილამდე კომპანიის სპეცტექნიკამ და საავარიო ბრიგადებმა მიაღწიოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ ეტაპზე გზის მოწყობის სამუშაოებს ატარებს. მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოების დაწყება გზის გაყვანის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, გლდანის რაიონში წყალმომარაგება გუშინ, საღამოს 10 საათიდან შეწყვეტილი აქვს:

გლდანის  „ა“, I, II, III, IV და თემქის  IV მ/რაიონებს, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ განთავსებულ ორგანიზაციებს, ანდრონიკაშვილის  მე-2  და  მე-3  შესახვევებს, შეშელიძის, ბარისახოს,  ჭრებალოს, ერწოს, ხეჩუაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.

გადაუდებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  მომხმარებელებს დამატებით მიაწვდის. ასევე, წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე კომპანია აბონენტებს წინასწარ, ინდივიდუალურ SMS-შეტყობინებას გაუგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11,  ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli  მეშვეობით.

წყალმომარაგების აღდგენამდე კომპანია ჩამოთვლილ უბნებს სასმელ წყალს სპეციალური ავტოცისტერნებით მიაწვდის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.