ნაძალადევის რაიონში, წყალსადენის მაგისტრალის დაზიანება სანიტარული ზონის დარღვევით არის გამოწვეული

ნაძალადევის რაიონში, წყალსადენის მაგისტრალის დაზიანება სანიტარული ზონის დარღვევით არის გამოწვეული

წყალსადენის კომუნიკაციების მიმდებარე სანიტარული ზონის დარღვევის შედეგად გამოწვეული ავარიული დაზიანება ნაძალადევის რაიონში, ზიგზაგის მე-2 ქუჩაზეც დაფიქსირდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ეს ამ ტიპის დაზიანების უკვე მესამე შემთხვევაა. ამჯერად, ავარიულადაა დაზიანებული 900 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური წყალდენი, რომელიც კერძო საცხოვრებელი სახლების ქვეშ არის მოქცეული. შენობა-ნაგებობების სამშენებლო ნორმების უგულებელყოფით დაშენებამ, დროთა განმავლობაში, მაგისტრალის დეფორმაცია და შედეგად, მისი დაზიანება გამოიწვია.

ზიგზაგის მე-2 ქუჩაზე, წყალსადენის მაგისტრალზე წლების წინ დაშენებული საყოფაცხოვრებო ნაგებობები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ურთულებს გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ნორმალურ პირობებში ჩატარებას. ადგილმდებარეობისა და ავარიის სირთულის გამო, კომპანიის ბრიგადებმა სამუშაოები მაგისტრალურ მილში შიგნიდან შეღწევით უნდა განახორციელონ. 

კომპანია გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას დღეს, საღამოს 8 საათიდან დაიწყებს. სამუშაოები, რომელიც მთელი ღამის მანძილზე გაგრძელდება, მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

შესაბამისად, დღეს, 20:00 საათიდან ხვალ, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ჩუღურეთის, ისნის, გლდანისა და ნაძალადევის  რაიონების ქუჩების ნაწილს.

წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება ხვალ, დილის 9 საათიდან. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაცია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11,  ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli  მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.