მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება. "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტი საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე განიხილა.
"ჯანდაცვის სამინისტროდან სამი საკითხი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი არის "სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამის" დამტკიცების შესახებ. აღნიშნული პროგრამა წინა წლებშიც მოქმედებდა, თუმცა პროგრამაში უნდა შევიდეს გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას. ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა. თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
,,ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მედიკამენტების ხარისხის კონტროლის აუცილებლობისა და გამკაცრების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნულ ინიციატივას დროული და მნიშვნელოვანი უწოდა: „ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. უბრალოდ, ისე არ უნდა მოხდეს, რომ მცირე კომპანიების წარმოშობას ფარმაცევტულ ბაზარზე ხელი შევუშალოთ. ხარისხის კონტროლი საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს ნამდვილად სჭირდება. მათ შორის საჭირო და აუცილებელია ხარისხის სტანდარტების კონტროლი არამხოლდო ადგილობრივი წარმეობის, არამედ იმპორტირებული მედიკამენტების შემთხვევაში. ხშირად სტანდარტი და ხარისხი დარღვეულია. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ეს მექანიზმი მონოპოლისტების სასარგებლოდ იქნას გამოყენებული. არ უნდა იყოს რთული მექანიზმი, რომელიც დამწყებ ახალ კომპანიებს დამატებით ბარიერებს შეუქმნის და ხელს შეუშლის მომწოდებლების დივერსიფიკაციას და კონკურენციის განვითარებას ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენთან არის მონოპოლიაა. ფარმაცევტულ ბაზარს კონტროლი სჭირდება, ეს გარდაუვალია, მაგრამ თავად ამ ხარისხის კონტროლის პროცესსაც სჭირდება თავის მხრივ გაკონტროლიება, რომ ეს არ გახდეს დამატებითი ინსტრუმენტი იმ მონოპოლიების შენარჩუნებისა, რაც დღეს არსებობს და, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფო პრეროგატივაა და საქმის კურსშია ამის შესახებ“.
შეგახსენებთ, რომ შემოდგომით ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვებაც დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ექსპერტთა გათვლებით, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ამითვის კი აუცილებლი ნაბიჯი მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება იყო. შესაბამისად, მედიკოსები და სპეციალისტები კი, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას მიესალმებოდნენ. ამასთან, აღნიშნავდნენ, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება საზოგადოებაში ჯენერიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების მიმართ ნდობას აამაღლებდა და მის აუცილებლობაზე მიანიშნებდნენ.