დღეს დილით, დაახლოებით, 06:35 საათზე, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი ავარია დედაქალაქის წყალმომარაგების სიტემის ნაწილობრივ პარალიზების მიზეზი გახდა. ელექტორენერგიის მოულოდნელად შეწყვეტამ ჰირავლიკური დარტყმა მიაყენა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოში მდებარე 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენს, რომლითაც თბილისის დიდი ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება. მოხდარი ავარიის გამო ასევე დროებით შეფერხდა კომპანიის იმ სათავო ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რომლებიც საგურამოსა და ნატახტარშია განთავსებული.
ამ დროისთვის სამუშაოები, რომელსაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საგურამოში, დაზიანებულ მაგისტრალზე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა, უკვე დასრულებულია. ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების მოსახლეობისთვის წყალმომარაგების აღდგენა დაწყებულია. მოსახლეობა წყალს ეტაპობრივად, საღამოს 11 საათამდე მიიღებს.