სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებს და პენიტენციური დაწესებულებების მთავარ ექიმებს შეხვდა. მან პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის მუშაობა დადებითად შეაფასა. მინისტრმა თითოეულ თანამშრომელს და სამედიცინო პერსონალს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მათ შობა-ახალი წელი მიულოცა.
„მიღწეული შედეგებით კმაყოფილი ვარ, რჩება მცირედი ხარვეზები, მაგრამ ერთობლივი მუშაობით ესეც გამოსწორებადია, მთავარია, სურვილი და მონდომება. ეს მიღწევა თქვენი 24 საათანი შრომის შედეგია, რისთვისაც მადლობას გიხდით“, - მიმართა მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.
კახა კახიშვილმა 100-მდე თანამშრომელს გამოუცხადა მადლობა, მათ შორის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს თამთა დემურიშვილს, დეპარტამენტის აპარატის წარმომადგენლებს, პენიტენციური დაწესებულებების მთავარ ექიმებს და მედპერსონალს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგი საუკეთესოა, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს.
„მინისტრის მიერ გამოთქმული დადებითი შეფასება და მადლობა დიდი სტიმულია თითოეული თანამშრომლისთვის. ეს შედეგი თითოეული მთავარი ექიმის, ექიმის, ექთნის, მედპერსონალის ძალიან დიდი ძალისხმევის და დამსახურების ფასად იქნა მიღწეული. მოდუნების უფლება არ გაქვს, შედეგი, რაც 2015 წელს სამედიცინო დეპარტამენტმა აჩვენა, მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“, - განაცხადა თამთა დემურიშვილმა.
სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების შედეგად, პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვნად შემცირდა გარდაცვალების შემთხვევები. 2015 წელს გარდაცვალების 12 ფაქტი დაფიქსირდა, 2014 წელს – 27, 2013 წელს – 25, 2012 წელს კი, ეს მაჩვენებელი 67 იყო.
წარმატებით მიმდინარეობს სუიციდის პრევენციის პროგრამა. 2015 წელს სუიციდის შემთხვევები 2-მდე შემცირდა, არც ერთი მათგანი სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა. დღეის მდგომარეობით, პროგრამაში ჩართულია 56 ბრალდებული/მსჯავრდებული.
შემცირდა ტუბერკულოზის ახლად გამოვლენილი შემთხვევები: 2015 წელს სულ რეგისტრირებული იქნა ტუბერკულოზის 128 შემთხვევა, მათ შორის 56 ახლად გამოვლენილი; 2014 წელს რეგისტრირებული იყო სულ ტუბერკულოზის 159 შემთხვევა, მათ შორის, ახლად გამოვლენილი - 70. ტუბერკულოზით გარდაცვალების შემთხვევა სისტემაში ბოლო 2 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
პენიტენციურ სისტემაში 78 აივ/ინფიცირებული მსჯავრდებული/ბრალდებულია, მათგან 70 მკურნალობს. C ჰეპატიტის ანტივირუსულ მკურნალობას კი, 185 პატიმარი გადის.