კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინტენსიურ სამუშაოებს ატარებს საგურამოში, 1400 მმ-იან მაგისტრალზე, რომელიც დღეს დილით, ელექტროენერგიის შეწყვეტით გამოწვეული ჰიდრავლიკური დარტყმის შედეგად, ავარიულად დაზიანდა.
თბილისის ერთ-ერთი ძირითადი მკვებავი 1400 მმ-იანი მაგისტრალის დაზიანების გამომწვევი მიზეზი, დღეს დილით, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი სისტემური ავარია გახდა, რამაც ასევე დროებით შეაფერხა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოსა და ნატახტარში განთავსებული სათავო ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ფუნქციონირება.
ამ ეტაპზე არაგვის ხეობაში, უკვე აღდგენილია საგურამოსა და ნატახტრის წყალსადენების და სატუმბო სადგურების ფუნქციონირება. კომპანიის ტექნიკური სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ და ახორცილებენ დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის სრულ მონიტორინგს. ასევე, მიმდინარეობს წყალსადენის მაგისტრალების წყლით შევსების პროცესი, რაც, დამატებით, კიდევ რამდენიმე საათს მოითხოვს.
შექმნილი ვითარების გამო, წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს. ჩამოთვლილი რაიონებისთვის წყალმომარაგების აღდგენა, დღეს, 18:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე ეტაპობრივად მოხდება.