სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დღეს N5 დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლს ეწვია და მსჯავრდებულ ქალბატონებს, რომლებიც დაწესებულებაში 3 წლამდე ასაკის შვილებთან ერთად იმყოფებიან, დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
მინისტრმა დედათა და ბავშვთა სახლში მყოფ ოთხივე მცირეწლოვანს პირადი საჩუქრები გადასცა. საახალწლო საჩუქრები დედებმაც მიიღეს.
„მოვინახულეთ სპეციალური განყოფილება, სადაც ქალბატონები სამ წლამდე შვილებთან ერთად არიან განთავსებული, დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ და საახალწლო განწყობისთვის საჩუქრები გადავეცით. მათ საკმაოდ ხშირად ვაკითხავთ, ჩვენთვის ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა.
ამასთან, საახალწლოდ დედათა და ბავშვთა სახლში მყოფი ქალბატონები პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ისი პარისგანაც“ დასაჩუქრდნენ. „ისი პარის“ PR მენეჯერმა ხატია შამუგიამ მათ საჩუქრები პირადად გადასცა.