სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დღეიდან ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა შეუძლიათ. შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაწესებულების ტერიტორიაზე დღეს გაიხსნა. გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქალ მსჯავრდებულთათვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობაზე კახა კახიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება წლის ბოლომდე სწორედ ქალ მსჯავრდებულებულთა ხანგრძლივი პაემნების უზრუნველყოფა იყო, რაც 5 თვეში შესრულდა კიდეც. N5 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ხანგრძლივი პაემნებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. აშენდა კოტეჯის ტიპის ნაგებობა, რომელშიც ხანგრძლივი პაემნისთვის ოთხი ოთახი განთავსდა.
ხანგრძლივი პაემნის სერვისით პირველად დღესვე, სრულიად უფასოდ ისარგებლებს ორი მსჯავრდებული ქალბატონი, რომლებიც სასჯელს N5 პენიტენციური დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში იხდიან. ისინი დაწესებულებაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობენ და მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახის წევრებთან შეხვედრას ხშირად ვერ ახერხებენ. სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო რეგიონებიდან მსჯავრდებულების ოჯახის წევრების ჩამოყვანა და მათ ახალი წლის ახლობლებთან ერთად გატარების საშუალება მისცა.
მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც არ აქვს დაკისრებული დისციპლინური სახდელი ან/და არ აქვს შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულს შეუძლია ხანგრძლივი პაემნით ისარგებლოს წელიწადში სამჯერ, წახალისების ფორმით კი, შესაძლოა, მიეცეს 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემნის შესაძლებლობა. ხანგრძლივი პაემნის საფასური 60 ლარს შეადგენს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთათვის კი, უფასოა.
დღესვე, მინისტრი კახა კახიშვილი N5 დაწესებულებაში დედათა და ბავშვთა სახლსაც ეწვია, იქ მყოფ მსჯავრდებულებს ახალ წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.