სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და ორგანიზაცია „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ.
ორგანიზაცია “მოქალაქის“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მონაწილე 12 მსჯავრდებულს სპეციალური ჯილდოები გადასცეს და ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.
სტუმრებმა დაწესებულების ბიბლიოთეკა, სპორტული მოედნები, საკლასო ოთახები და სახელოსნოები დაათვალიერეს, არასრულწლოვან მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ ხულორდავას განცხადებით, დაწესებულებაში მსჯავრდებულთა წარმატებული რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.
„დღეს არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი წელი მივულოცეთ. ჩვენმა სტუმრებმა კი სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მონაწილე მსჯავრდებულები დააჯილდოვეს. თორმეტმა არასრულწლოვანმა მიიღო მონაწილეობა ამ ოლიმპიადაში და ძალიან გვიხარია, რომ მათ ასეთი აქტიურობა გამოიჩინეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველა მსგავსი ტიპის პროექტსა და პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ძალიან კარგი შესაძლებლობა ეძლევათ, რომ განათლებაც მიიღონ, სპორტულ აქტივობებშიც ჩაერთონ და ხელობასაც დაეუფლონ. გარემო მათ რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული და დიდი იმედი და სურვილი გვაქვს, რომ აქედან გასული არასრულწლოვნები განაგრძნობენ ცხოვრებას, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები“-განაცხადა თამარ ხულორდავამ.
დაწესებულებაში არსებულ პირობებზე გაამახვილა ყურადღება მაია მიმინოშვილმაც: „არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ აქედან გასვლის შემდეგ წარმატებულად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეც და ბატონ ნიკოლოზსაც ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ ოლიმპიადაში მონაწილე არასრულწლოვნები მათი მოტივაციისთვის დაგვესაჩუქრებინა და ზუსტად ისეთივე ჯილდოები გადაგვეცა მათთვის, რაც მეორე ეტაპზე გადასულმა 2 000-მა მონაწილემ მიიღო“.
ორგანიზაცია „მოქალაქის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა იმედი გამოთქვა, რომ მსჯავრდებულები მომავალშიც აქტიურად ჩაერთვებიან მსგავსი ტიპის ღონისძიებებში.
„ძალიან მოხარულები ვიყავით, როდესაც წელს თორმეტმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა მოისურვა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში ჩართვა, ზოგიერთმა მათგანმა საკმაოდ მაღალი ქულებიც მიიღო. ძალიან კარგი პრეცედენტია მათი ამ ტიპის ოლიმპიადაში მონაწილეობა და გაგვიხარდება, თუ მომავალშიც ჩაერთვებიან ჩვენს აქტივობებში“ განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
ბოლო წლებში სასჯელის ალტერნატიული ზომის, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და შეწყალების კომისიების აქტიური მუშაობის შედეგად, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ამჟამად 18 მსჯავრდებული იხდის სასჯელს.
დაწესებულებაში არასრულწლოვნებისთვის სკოლა, სპორტული მოედნები, კომპიუტერული კლასი და სახელოსნოებია ხელმისაწვდომი. მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის კი სხვადასხვა სახის პროგრამები ხორციელდება.