ნახევრად ღია და დახურული ტიპის N 12 პენიტენციურ დაწესებულებას მომღერალი თამარ ჭოხონელიძე და მუსიკოსი მაია ჯამანაშვილი ესტუმრნენ და ახალი წელი მიულოცეს.
მომღერალმა საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები შეასრულა, მსჯავრდებულებთან თავისი მოღვაწეობისა და შემოქმედებითი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები გაიხსენა.
ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით წინასაახალწლოდ გაიმართა. შეხვედრაზე თამარ ჭოხონელიძემ მსჯავრდებულებს თავისი სიმღერების ალბომი და მის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გადასცა. თამარ ჭოხონელიძემ და მაია ჯამანაშვილმა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაც დაათვალიერეს და მსჯავრდებულებთან ერთად საგალობელი შეასრულეს.
„ჩვენ ყველას ჩვენი ცოდვები გვაქვს რომელზეც პასუხი სხვადასხვა სახით უნდა ვაგოთ. ყველაზე ძალიან დამამშვიდა იმან რომ აქ არის ტაძარი, რომელსაც მსჯავრდებულები უვლიან და ლოცულობენ. დარწმუნებული ვარ, როდესაც ისინი აქედან გამოვლენ სრულიად სხვა ადამიანები იქნებიან. ბედნიერი ვიქნები თუ ცოტათი მაინც შევუმსუბუქე მათ დღევანდელი დღის სულ ცოტა მონაკვეთი. ვხედავ რომ სხვა დრო დადგა და სრულიად სხვა დამოკიდებულებაა პატიმრების მიმართ. მადლობა დირექციას და თითოეულ თანამშრომელს. სიყვარულით სავსე მივდივარ.“ - განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ.
მსჯავრდებულებმა თამარ ჭოხონელიძეს საახალწლო საჩუქრად მათ მიერ დაწერილი ხატი და საეკლესიო ნივთები გადასცეს.