საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფომები და უკვე განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს და წარმატებული უწოდეს პოლიტიკოსებმა, მედიკოსებმა და ექსპერტებმა. გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის რეფორმების წარმატებულად განხორციელებაში „გლობალური ალიანსის“ წვლილზეც მიანიშნებენ და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, რუსუდან კლიმიაშვილი ქვეყნის მოსახლეობისათვის მთავრობის მხრიდან უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებას მიიჩნევს. „ეს ყველაზე სწორი მიდგომაა. ჩვენი ექსპერტები ძალიან კვალიფიციურები არიან და მათი ჩართულობა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არის, რაც გასაუმჯობესებელია, დასასრულებელი და დასახვეწი იმის მიხედვით, რის საშუალებასაც მოგვცემს ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობა. ის ფაქტი, რომ ადამიანებს არ ეშინიათ და უამრავ სერვისებზე აქვთ წვდომა, უდავოდ მნიშვნელოვანია. ასევე გაიზარდა ადამიანების მიმართვიანობა ექიმთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება. ძალიან გაუმართლა ჩვენს ქვეყანას, რომ ეს პროგრამა სწორედ ჩვენთან დაიწყო. თუმცა, მხოლოდ გამართლება არ არის, კომპეტენტური ექიმებისა და ექსპერტების არსებობამ მისცა მეორე მხარეს იმედი, რომ ელიმინაციის პროგრამა სწორად და პასუხისმგებლობით წარიმართებოდა“.
რუსუდან კლიმიაშვილი სხვა მნშვნელოვან რეფორმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სხვა მიმართულებითაც, რის შესახებაც მოსახლეობამ, შესაძლოა, ნაკლებად იცოდეს: „ეს არის შიდსისა და ტუბერკულიოზის პროგრამა. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, თუმცა საჭიროებს განხილვას. მიმაჩნია, რომ ასეთი დოკუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რაზე აცხადებს ქვეყანა მზაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თანახმად“.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ,,გლობალური ალიანსის“ სპეციალისტების რეკომენდაციების მნიშვნელობაზეც საუბრობს. „მათი ხედვა და რჩევები რასაკვირველია მნიშვნელოვანია, თუმცა, სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი მთავრობის გასაკეთებელია. ისინი გვაძლევენ თავისი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე რჩევებს და უკვე ჩენი სპეციალისტებისა და ექსპერტების ვალდებულებაა, რომ ჩვენს რეალობას მოარგონ სამოქმედო გეგმა“.