თურქეთის საპატიმროებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს წიგნები და საეკლესიო ნივთები გაეგზავნებათ

თურქეთის საპატიმროებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს წიგნები და საეკლესიო ნივთები გაეგზავნებათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის ქართულენოვან წიგნებსა და საეკლესიო ნივთებს გზავნის.

მხატვრული და რელიგიური ლიტერატურის, ხატებისა თუ სხვა საეკლესიო ნივთების თურქეთში გაგზავნის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილისა და თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაღს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული. კახა კახიშვილი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში სტამბოლის ციხეში მყოფ ქართველ მსჯავრდებულებსაც შეხვდა და მათი ერთ-ერთი თხოვნა სწორედ ქართულ წიგნებსა და საეკლესიო ნივთებს უკავშირდებოდა.

თურქეთში ქართველ მსჯავრდებულთათვის გასაგზავნი ხატების, მმართლმადიდებლური საეკლესიო ლიტერატურის, საეკლესიო კალენდრების, სანთლებისა და საეკლესიო ჟურნალ-გაზეთების გამოყოფა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქომ უზრუნველყო. თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მამა ილია ნასიძე ყოვლადწმინდა სამების ხელნაწერ ხატსაც უგზავნის საჩუქრად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოსა და პენიტენციურ სისტემას შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში სასულიერო პირები თანამშრომლობენ დაწესებულებებთან და მსჯავრდებულთა სულიერ მდგომარეობაზე ზრუნავენ.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობით თურქულ მხარესთან მოხდა შეთანხმება და თურქეთის საპატიმრო დაწესებულებებში, სადაც სამწუხაროდ 200-ზე მეტი ქართველი მსჯავრდებული იმყოფება, მოეწყობა სალოცავი კუთხეები, სადაც ისინი განათავსებენ ხატებსა და რელიგიურ ლიტერატურას, სადაც მოახერხებენ ლოცვას და საპატიმრო დაწესებულებაში ყოფა რაღაცწილად მაინც შეუმსუბუქდებათ. ჩვენ მადლიერებით შეხვდით ამას, გვიხარია ეს შეთანხმება და აღნიშნულ საქმეში ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

გარდა ამისა, თურქეთის ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 450-მდე ეგზემპლარი ქართულენოვანი მხატვრული ლიტერატურა ეგზავნებათ, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გამოყო.

„პალიტრა L“-მა მხარი დაუჭირა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას და თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის გასაგზავნად 400-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის წიგნი გამოვყავით, მხატვრული ლიტერატურა, მათ შორის, როგორც ქართველი კლასიკოსები, ასევე თარგმანი“, - განაცხადა „პალიტრა L“-ის დირექტორმა თინათინ ასათიანმა.

თურქეთის 36 პენიტენციურ დაწესებულებაში 270-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებული/ბრალდებული იმყოფება. სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის მიერ თურქეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოდან გაგზავნილი ლიტერატურა 36-ვე დაწესებულების ბიბლიოთეკებში გადანაწილდება. ამასთან, მოეწყობა 36 სალოცავი კუთხე.

მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა პირობების გაუმჯობესება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია თუ რა პირობებში იხდიან სასჯელს საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში. თურქეთში მყოფი ქართველი მსჯავრდებულების პირობების გაუმჯობესების მიზნით ეტაპობრივად სხვა ღონისძიებებიც განხორციელდება.