სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სამინისტროს პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
კახა კახიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა, მათი ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, ასევე, სათანადო საცხოვრებელი პირობებით, კვების რაციონით, სამედიცინო მომსახურებით, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და დასაქმების პროგრამებით უზრუნველყოფა მთავარი პრიორიტეტებია.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა იმ ცვლილებებზეც, რომლის განხორციელების შემდეგ მსჯავრდებულებს დასაქმების საშუალება მიეცემათ, კერძოდ კი ონლაინ მაღაზიის შექმნაზე, სადაც მსჯავრებულთა ნამუშევრები გაიყიდება. „ცვლილებების შედეგად მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები ონლაინ მაღაზიების მეშვეობით შესთავაზონ და გაყიდონ. მიღებული თანხა კი მათ პირდაპირ ბარათზე დაერიცხებათ. გარდა ამისა ცვლილება შედის კანონში და მსჯავრდებულებს სხვადასხვა დაწესებულებებში ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებზე დასაქმების საშუალებაც მიეცემათ. ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი ცხადდება. ფირმას, რომელიც გაიმარჯვებს, საკუთარი მუშახელი მოჰყავს და სამინისტრო მათ თანხას ურიცხავს, ამასობაში კი ჩვენი მსჯავრდებულები, რომლებიც კვალიფიციური სპეციალისტები არიან უმუშევრები არიან. ცვლილების მიღების შემთხვევაში ჩვენ მსჯავრდებულთან ინდივიდუალური კონტრაქტის დადების საშუალება გვექნება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ რესოციალიზაციას“ - განაცხადა კახა კახიშვილმა. მისივე განცხადებით, უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ბიზნეს-სექტორის დაინტერესება წარმოადგენს, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებებში მცირე ზომის საწარმოებს და ქარხნებს აამუშავებენ, სადაც ასევე, მსჯავრდებულები დასაქმდებიან. კახიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არანაირი ინტერესი არ არის, რადგან დაწესებულებებში წარმოებულ ნაწარმს სახელმწიფო უწყებები ვერ შეიძენენ. ცვლილებების თანახმად კი ნებისმიერ უწყებას, მათ შორის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალება ექნებათ დაწესებულებებში დამზადებული ნაწარმი შეიძინონ. „ცვლილების შედეგად ჩვენ მოგვეცემა საშუალება სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ფასად ნებისმიერი ნაწარმი შევიძინოთ, რომელიც გამოშვებული იქნება ჩვენს დაწესებულებაში ჩვენი მსჯავრდებულების მიერ. ეს შეიძლება იყოს ლეიბები, ბალიშები, პური და კიდევ სხვა ბევრი რამ. რა თქმა უნდა, ეს ბიზნეს სექტორისთვის დამატებითი სტიმული იქნება. მაგალითად, გეგუთის დაწესებულებაში ყვავილების სათბურის აშენებას ვგეგმავთ, რომელსაც შემდგომში მერია შეისყიდის. ეს იქნება რევოლუცია პენიტენციურ სისტემაში და დარწმუნებული ვარ ბევრი მსჯავრდებული, რომელიც ჩვენს დაწესებულებებში იმყოფება მუშაობის სურვილს გამოთქვამს“ - აღნიშნა კახიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ისაუბრა სასჯელის მოხდის ალტერნატიულ მეთოდზე - შინაპატიმრობაზე; ქალთა დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნების ოთახების გახსნაზე, რომელიც უახლოეს დღეებში იგეგმება; პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე; კახა კახიშვილის განცხადებით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცესი გამჭირვალე უნდა გახდეს და სწორედ ამ მიზნით გადაწყვეტილებას ცვლილებების შედეგად სასამართლო მიიღებს. საუბარი შეეხო, ასევე, ხანდაზმულობის და დაავადების გამო სასჯელის გადავადების საკითხსაც; პრობაციონერებისათვის ზოგიერთი გადასახადის გაუქმებას. სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღინიშნა, რომ დაგეგმილია 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულების აშენებაც. "უკვე არის პროექტი, რომელიც 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისათვის ცალკე დაწესებულების აშენებას ითვალისწინებს. იმიტომ, რომ საჭიროა მსჯავრდებულების ფილტრაცია. კონკრეტულად ერთი დღე ბიოლოგიურად არაფერს ცვლის ადამიანების ცხოვრებაში. 14-დან 18 წლამდე ადამიანი იმყოფება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და 18+1 დღე და უნდა გადავიდეს სხვა დაწესებულებაში, ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეუწყობს ხელს მსჯავრდებულების რესოციალიზაციას, ამიტომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც ამ ასაკის ადამიანებს მიეცემა საშუალება უფრო აქტიურად ჩაერთონ რესოციალიზაციის პროექტებში", - აღნიშნა კახა კახიშვილმა.