პირველად, 22-წლიანი დევნილობის შემდეგ, თბილისში ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსებში 561 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სოზარ სუბარმა თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსში 33 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.
ბინების გადაცემის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი.
დოდაშვილის ქუჩა N18/22-ში მდებარე კორპუსი სამშენებლო კომპანია შპს „ბან“-მა ააშენა. მენაშენეებისაგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვას სამინისტრო კონკურსის წესით ახორციელებს.
დოდაშვილის ქუჩაზე არსებული 33 ბინიდან 4-ერთოთახიანია, 13-ოროთახიანი და 16- სამოთახიანი.
2016 წელს თბილისში ბინას კიდევ 500 დევნილი ოჯახი მიიღებს.