სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრა ნარკოდამოკიდებულთა ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში შედგა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი ახორციელებს და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის მიმართ უწყების დამოკიდებულებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის სერვისები და პროგრამები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის არის ხელმისაწვდომი.
„არასამთავრობო ორგანიზაციების სურვილია, რომ სამინისტრო ხანგრძლივ, ჩანაცვლებით თერაპიაზე გადავიდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა სწორედ ამ გზით აპირებს მომავალში განვითარებას, ჩვენ თანახმა ვართ აღნიშნული ცვლილება სამომავლო პოლიტიკაში განვიხილოთ, უბრალოდ ყველაფერი სწორად არის დასაგეგმი და რაც მთავარია ყველა რისკი უნდა აიწონ-დაიწონოს. გარდა ამისა, ცვლილება სერიოზულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსთან არის დაკავშრებული. ასევე, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაობის გატარებაა საჭირო. კერძოდ, საჭირო იქნება ინფორმაციის დამუშვება, სტატისტიკის შესწავლა, რათა სწორი გათვლები გაკეთდეს“. - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
პენიტენციურ დაწესებულებებში მოხვედრილ ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულებს დეტოქსიკაციის და ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობენ. დეტოქსიკაციის პროგრამას ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში „გლობალური ფონდი“ აფინანსებს. 2017 წლიდან აღნიშნული სერვისის დაფინანსება სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
არასამთავრობო ორგანიზციები მიიჩნევენ, რომ დეტოქსიკაციის პროგრამის გარდა მსჯავრდებულებისთვის ხანგრძლივი, ჩანაცვლებითი თერაპიაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
„ჩვენ ვთვლით, რომ მსგავსი შეხვედრები გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან ძალიან საჭიროა. ნარკოპოლიტიკის თემა ძალიან აქტუალურია და ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი კამპანიაა - დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულება ნაკლებია, მოვუწოდებთ სახელისუფლებო უწყებებს დაგვეხმარონ შეიცვალოს სტიგმა, რომელიც არსებობს ნარკოდამოკიდებული ადამიანის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასჯელაღსრულების უწებას ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის“ - განაცხადა „ტოლერანტობის სამყაროს“ თავმჯდომარემ,გიორგი მარჯანიშვილმა.
მისი განცხადებით შეხვედრის სურვილით არაერთ უწყებას მიმართეს და ერთერთი პირველი სწორედ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იყო, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფთან შეხვედრის და მუშაობის სურვილი გამოთქვა.