GWP წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად აქტიურ ქმედებებს აგრძელებს

GWP წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად აქტიურ ქმედებებს აგრძელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების უკვე 150-მდე შემთხვევა გამოავლინა. მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის შედეგად, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური, ჯამურად, 180 000-მდე ლარს შეადგენს.

პარალელურად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იმ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას განაგრძობს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარდნენ. მათ შორისაა ორი სამშენებლო კომპანია: შპს „არ ენდ ელ გრუფი“, რომელსაც წყლის უკანონო მოხმარებისთვის 36 345 ლარი ადმინისტრაციული სახდელის სახით დაერიცხა, ხოლო შპს „ჯი დი გრუფ“-ს - 24 380 ლარი.

წყლის დატაცების ფაქტები, სამშენებლო კომპანიების გარდა, გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ობიექტებში, მათ შორისაა: შპს „თანადგომა“,  შპს „პეკინი“ (ჩინური რესტორანი) - საზოგადოებრივი კვების ობიექტები, შპს „ლაიმლაითი“ - სასტუმრო, შპს „მეგობრობა“ - ავტოსამრეცხაო, შპს "შვიდი მითი" - სასაწყობე მეურნეობა და სხვ.

დარღვევის მქონე თითქმის ყველა ობიექტი წყლის დატაცებას უკანონო ხაზების მეშვეობით ახდენდა. ყოველ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური აქტის შედგენა და დატაცებული წყლის ოდენობის დაანგარიშება სემეკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად მოხდა.

აბონენტების მხრიდან წყლის უკანონო მოხმარება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს აყენებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია აგრძელებს აქტიურ ქმედებებს წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად. პარალელურად, კომპანია თანამშრომლობას სთავაზობს ყველა იმ ობიექტის მეპატრონეს, რომელიც სასმელ წყალს ჯერ კიდევ უკანონოდ მოიხმარს. აღიარების შემთხვევაში, ისინი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, კომერციული ობიექტების მეპატრონეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ GWP-ის ცხელ ხაზს - 293 11 11 ან მიმართონ კომპანიის სათავო ოფისს (მისამართი: მ. კოსტავას I შესახვევი, 33, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ). „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  მხრიდან ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.