მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა

მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა  სახელწოდებით - “საზღვრის მიღმა“   დაათვალიერა.

გამოფენა სამინისტროს  „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ  „მუზა“-ში  გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ნახატები  და ფოტოები.

დაბრუნებული მიგრანტების ნამუშევრები  დაათვალიერეს დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ.

ღონისძიებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

გამოფენა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიპიარ ჯგუფის“ ორგანიზებით მოეწყო.

მიგრანტთა საერთაშორისო დღე დაარსებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ და 2000 წლიდან ყოველ 18 დეკემბერს აღინიშნება. 1990 წლის 18 დეკემბერს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია.