საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის “გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი გუშინ საქმიანი ვიზიტით თბილისს ეწვია და პირველი შეხვედრა სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჰქონდა.
შეხვედრაზე საუბარი შედგა საქართველოს ჯანდაცვის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მიმდინარე რეფორმებზე. კუსნერის აზრით, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, საქართველო გაცილებით წინ არის, რადგან საქართველოს ძალიან კარგი ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობა ყავს, რომლებიც სისტემის რეფორმას წარმატებითა და დაკვირვებით ახორციელებენ. “ საქართველომ უკვე მოახერხა სისტემის რეფორმირება და უკვე არსებობს რამდენიმე წარმატებულად განხორციელებული პროექტი. საქართველოში არის ბალანსი კერძო და საჯარო სექტორს შორის, რაც ყოველთვის არ არის იოლად მისაღწევი. მიუხედავად ამისა, რეფორმების გაგრძელება გარდაუვალია”,- აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ რეფორმების აუცილებლობაში საზოგადოების დარწმუნებას ყოველთვის მაღალი ფასი აქვს. “7 წლის განმავლობაში მე ვიყავი საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი და ამ ხნის განმავლობაშიც და შემდეგაც ჩემს ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევა იყო. ჩვენთანაც ტარდებოდა რეფორმები და მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეფორმები იქნება კატასტროფული, თუ მხოლოდ ექსპერტების დახმარებით განახორციელებთ მათ. წარმატებისთვის აუცილებელია, სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო საზოგადოების ფართო ჩართულობა რეფორმებში”,-განაცხადა შეხვედრაზე ბერნარ კუშნერმა.
დღეს 12:00 საათზე, ბერნარ კუშნერი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელებს.
დღესვე, 16:00 საათზე, ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და "გლობალური ალიანსის" ერთობლივი საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელზეც საქართველოს მტავრობასა და ალიანსს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული მომზადებული პროექტების წარდგენა მოხდება.
ბერნარ კუშნერის თბილისში ვიზიტი ხვალ დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი“ და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ დამფუძნებელი ბერნარ კუშნერი საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაში უწევს კონსულტაციებს და დახმარებას.