წარმატებით დასრულდა „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის” საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამინისტრომ იპოთეკური სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფარა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დავით ბაძაღუას ოჯახს ესტუმრა, რომელსაც სამინისტრომ 20 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი დაუფარა.
2004 წლის 27 იანვარს მხატვარი დავით ბაძაღუა ხუთმა შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიადან გაიტაცა. ეს მაშინ მოხდა, როცა დათო და მისი მეგობარი გალის რაიონიდან თბილისში მოემგზავრებოდნენ. გალში კი ისინი ბავშვებისთვის ქართული ლიტერატურის ჩასატანად იყვნენ ჩასულები. დავით ბაძაღუა აქტიურად იყო ჩართული პროექტებში, რომლებიც ქართველ და აფხაზ ახალგაზრდა ხელოვანთა დაახლოებას, აგრეთვე გალის რაიონში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებზე ზრუნვას ისახავდა მიზნად.
დავით ბაძაღუამ ტყვეობაში ორი თვე გაატარა, მისი გათავისუფლების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი.
წლების განმავლობაში დავით ბაძაღუამ საცხოვრებელი ადგილი არაერთხელ შეიცვალა, ოჯახის შექმნის შემდეგ კი მეუღლესა და ქალიშვილებთან ერთად დევნილთა ჩასახლება „ტურბაზა დიღომში“ ცხოვრობდა.
რამდენიმე წლის წინ, დავით ბაძაღუამ და მისმა მეუღლემ იპოთეკური სესხის საშუალებით თბილისში, წერეთლის ქუჩაზე ბინა შეიძინეს. გამომდინარე იქიდან, რომ ბატონ დავითს სტაბილური სამსახური არ აქვს ოჯახი იპოთეკური სესხი დაფარვას ვეღარ ახერხებდა.
დავით ბაძაღუამ იპოთეკური სესხის დაფარვის პროგრამის ფარგლებში განაცხადი შეავსო. კომისიის გადაწყვეტილებით, კრიტერიუმების შესაბამისად, ბაძაღუების ოჯახი იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით 20 000 ლარით დაფინანსდა.
სამინისტრომ გაითვალისწინა იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველი დევნილი ოჯახების დიდი რაოდენობა და პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება 2015 წლის 3 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპისთვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან 1 000 000 ლარი გამოიყოფა. თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშული თანხის გაზრდის საკითხიც განიხილება.