GWP - ვეძისი - ურდულების მონტაჟი - წყალმომარაგების გაუმჯობესება

GWP - ვეძისი - ურდულების მონტაჟი - წყალმომარაგების გაუმჯობესება

უახლოეს დღეებში, საბურთალოს რაიონში მდებარე ვეძისის დასახლებაში წყალმომარაგების შეწყვეტის შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდება. თბილისის საკრებულოსა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტის ინიციატივის ფარგლებში, ვეძისში, წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სამუშაოები, დღეს, საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა დაათვალიერეს.

სამუშაოები, რომელიც ვეძისის დასახლებაში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ტარდება, თბილისის საკრებულოს, საბურთალოს რაიონისა და GWP-ის წარმომადგენლებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა საგანგებოდ დაგეგმა. კერძოდ, დასახლებაში არსებულ წყალსადენის ქსელებზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს ამონტაჟებს. საერთო ჯამში, ვეძისში სხვადასხვა დიამეტრის ქსელებზე 16 ახალი ურდული განთავსდება. დღეს დილიდან დაწყებული სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში, ხვალ დილამდე გასტანს. შედეგად, ვეძისის მოსახლეობას წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე შეუმცირდება.

თბილისის საკრებულოსა და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ახალი მენეჯმენტის ინიციატივა, რაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების კოორდინირებულად წარმართვისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, ახლახან ამოქმედდა. დღეისათვის, დედაქალაქის ყველა რაიონში შექმნილია საკრებულოს, რაიონული გამგეობებისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებს, მათ შორის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციას, ერთობლივად გეგმავენ.  სამუშაო ჯგუფები ტექნიკური სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებასაც უწევენ მონიტორინგს.