GWP-სთვის Fitch-ის რეიტინგის მინიჭებაზე „გალტ ენდ თაგარტის“ ოფისში პრეზენტაცია ჩატარდა

GWP-სთვის Fitch-ის რეიტინგის მინიჭებაზე „გალტ ენდ თაგარტის“ ოფისში პრეზენტაცია ჩატარდა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ Fitch Ratings-ის მიერ რეიტინგის მინიჭებასთან დაკავშირებით, კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ ოფისში პრეზენტაცია ჩატარდა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პირველი არასაფინანსო, კერძო კომუნალური ტიპის კომპანიაა  საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა, პირველივე ცდაზე, ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“-ი სტაბილური პროგნოზით მიანიჭა. რეიტინგის მინიჭებისთვის საკონსულტაციო მომსახურება და პარტნიორობა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა“ (Galt & Taggart) გაუწია. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, პრეზეტაცია „გალტ ენდ თაგარტის“ ოფისში ჩატარდა. პრეზენტაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ტოპ მენეჯმენტი, „გალტ ენდ თაგარტის“ წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“-ის მინიჭება კომპანიის ახალი მენეჯმენტის მიღწევაა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის, გიორგი ცხადაძის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია კომპანიისთვის. „არასაფინანსო სფეროში GWP ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც მიიღო ასეთი მაღალი შეფასება, თავისთავად კომპანიის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშოს, რომ ეს კომპანიის ახალი მენეჯმენტის დამსახურებაა. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეიდან კიდევ უფრო გაუმჯობესდება კომპანიის კორპორაციული მართვა და გაიზრდება ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა გიორგი ცხადაძემ. 

“მოხარულნი ვართ, რომ Fitch Ratings-ის მიერ სიღრმისეული ანალიზისა და კვლევის ჩატარების შემდეგ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიიღო გრძელვადიანი რეიტინგი BB-, სტაბილური პროგნოზით. შედეგად, GWP პირველი ქართული არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც მიიღო მაქსიმალური შესაძლებელი - სუვერენული რეიტინგი. გვსურს, მივულოცოთ კომპანიას ეს წარმატება. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიისთვის, რადგანაც მსგავსი რეიტინგის მიღება, კიდევ უფრო გააუმჯობესებს GWP-ის კორპორაციულ მართვას და გამჭვირვალობას, გაზრდის მის შესაძლებლობას მოიზიდოს თანხები უცხოური ბაზრებიდან. უფრო მეტიც, აღნიშნული მოვლენა მნიშვნელოვანია ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქართული კომპანიებისთვის უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ „გალტ ენდ თაგარტი“  GWP-სთვის რეიტინგის მინიჭების ექსკლუზიური კონსულტანტი იყო. ჩვენმა გუნდმა GWP-ს მხარდაჭერა გაუწია პროცესის ყველა ეტაპზე და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროცესის წარმატებით დასრულებაში. ეს არის „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ განხორციელებული რეიტინგის მინიჭების მეორე წარმატებული საკონსულტაციო პროექტი. „გალტ ენდ თაგარტი“ საქართველოს ბაზრისთვის, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზების კუთხით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, სწორედ მათ შორისაა რეიტინგების მინიჭების საკონსულტაციო მომსახურებაც, რომელიც სიახლეა ქართულ ბაზარზე“, - აღნიშნა „გალტ ენდ თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფინანსური დირექტორი - გიორგი ვახტანგიშვილი კომპანიის სამომავლო სტრატეგიასა და მიღწევებთან დაკავშირებით განმარტავს, 2015 წლის მანძილზე, კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება განავითარა და არსებითი ცვლილებელი განხორციელა. ერთერთი უმთავრესი, რაც 2015 წლის მანძილზე მოხდა არის ის, რომ კომპანია დარგში ინსტიტუციონალური ცვლილებების გენერატორი გახდა. „ეს ეხება როგორც რეგულატორთან ურთიერთობას - ჩვენ საერთაშორისო კონსულტანტები მოვიწვიეთ და ერთობლივი ვორქშოფის ფორმით განვახორციელეთ პროექტი, არსებული სატარიფო მეთოდოლოგიის გადასინჯვასთან დაკავშირებით, და მეორე მიმართულება - განხორციელდა პროექტი მსოფლიოში წამყვან საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია AECOM-თან ერთად, რის შემდეგაც ჩვენ შევქმენით სტრატეგიული სამოქმედო რუკა კომპანიისთვის და, აქედან გამომდინარე, დავგეგმეთ ჩვენი მიზნები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფინანსური ინსტიტუტების თვალში კომპანიის სანდოობა საგრძნობლად გაიზარდა და სწორედ ამას ადასტურებს Fitch-ის რეიტინგიც“, - აღნიშნა გიორგი ვახტანგიშვილმა.

პრესრელიზი  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ უკვე თავად საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მაც გაავრცელა. პრესრელიზში საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მმართველი გუნდი ახალ ინიციატივებზე მუშაობს, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის კომპანიის ეფექტიანობას. კომპანიისთვის, ნეგატიური ფაქტორების პერსპექტივაში, რეგულაციაში არსებული გაურკვევლობა და ტარიფების არასაკმარისი ზრდა სახელდება.