GWP-ს Fitch Ratings-მა რეიტინგი „BB -“ მიანიჭა

GWP-ს Fitch Ratings-მა რეიტინგი „BB -“ მიანიჭა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, 2015 წლის 8 დეკემბერს, რეიტინგი „BB-“ მიანიჭა, რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის, ფინანსური მდგრადობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ სისტემური მენეჯმენტის არსებობის მაჩვენებელია.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საქართველოში პირველი არასაფინანსო, კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა პირველივე ცდაზე ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB-“ მიანიჭა, სტაბილური პროგნოზით. რეიტინგის მინიჭებისთვის საკონსულტაციო მომსახურება და პარტნიორობა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა“ (Galt & Taggart) გაუწია. საქართველოს სუვერენული რეიტინგი ის ფაქტობრივი მაქსიმუმია, რაც ქვეყანაში მოქმედმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს. აღნიშნული სიახლე კომპანიას მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, რადგან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პირველი კომუნალური კომპანიაა ქვეყანაში, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიისთვის, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს GWP-ის კორპორაციულ მართვას და გაზრდის მის შესაძლებლობას მოიზიდოს ინვესტიცია.

Fitch Ratings-ი  მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში. ის წამყვანი პროვაიდერია საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით. Fitch Ratings-ი უზრუნველყოფს დამოუკიდებელად ღირებული და გლობალურად პერსპექტიული საკრედიტო მოსაზრებების შეთავაზებას მსოფლიო ბაზრისთვის. Fitch Ratings-ის ძლიერი საბაზრო გამოცდილება და ადგილობრივ საკრედიტო ბაზარებზე მათი ექსპერტიზა დამატებით შესაძლებლობებს აძლევს საინვესტიციო ფონდებსა და ინვესტორებს, მაღალი ნდობით მიიღონ მნიშვნელოვანი საკრედიტო და ფინანსური გადაწყვეტილებები. სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ს გააჩნია ფინანსური მდგომარეობის შეფასების სხვადასხვა პარამეტრი. Fitch Ratings-ის რეიტინგები ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია, რომელსაც ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები და ინვესტორები, სამომავლოდ, კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების მიზნით.