მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით რუსთაველის თეატრში სპექტაკლი გაიმართება

მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით რუსთაველის თეატრში სპექტაკლი გაიმართება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლი - „ჩემი მძევალი ანგელოზები“ გაიმართა. სპექტაკლში მსჯავრდებულებთან ერთად, რუსთაველის თეატრის მსახიობი გიორგი ზანგური  თამაშობდა.

ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე; პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; მინისრტთა კაბინეტის წევრები; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია; დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები; უფლებადამცველები; მსჯავრდებულები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები და დეპუტატები დაესწრნენ.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ პატრიარქმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მადლობა გადაუხადა და კახა კახიშვილს საჩუქრად ხატი გადასცა. ასევე, უწმინდესმა სიტყვით მიმართა მსჯავრდებულებს, მთავრობას და დამსწრე საზოგადოებას, სპექტაკლის მონაწილეები დააჯილდოვა, ხოლო პრემიერ-მინისტრს საკუთარი გულის ჯვარი უსახსოვრა.

„საოცარი იყო, ხალხმა ცრემლები ვერ შეიკავა. ჩვენ დავინახეთ ტკივილი და მოქცევა ქართველი ადამიანისა. მე ვფიქრობ, ეს ჩვენი ახალი მინისტრის დამსახურებაა და მინდა მას გადავცე ხატი საჩუქრად“, - განაცხადა პატრიარქმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით,  სპექტაკლზე მსჯავრდებულების მაყურებლების რანგში დასწრება სწორედ პატრიარქის დამსახურება იყო.

„როდესაც  პატრიარქს სპექტაკლზე დასწრება ვთხოვე,  მითხრა რომ კარგი იქნებოდა თუ მაყურებლებს შორის მსჯავრდებულები იქნებოდნენ. ჩვენ შევასრულეთ მისი უწმინდესობის თხოვნა და დღეს, სპექტაკლს 80 მსჯავრდებული ესწრებოდა.  თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის და თითოეული ჩვენი მსჯავრდებულისთვის ძალიან ემოციური დღე იყო. პირველად გამოვიყვანეთ პატიმრები თეატრში და რუსთაველის თეატრის სცენაზე შესანიშნავ სპექტაკლს ვუყურეთ, რომელშიც დევს ძალიან ბევრი რამ. ჩემთვის პირადად ძალიან ემოციური დღე იყო. ძალიან ემოციური იყო  ბატონი პრემიერ-მინისტრის, მინისტრების მობრძანება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მსჯავრდებულ ქალბატონებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სპექტაკლში, ასევე, რეჟისორს და თითოეულ ჩემს თანამშრომელს. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი შრომა იყო ჩადებული იმისთვის, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

კრეატიული და არაჩვეულებრივი უწოდა დღევანდელი სპექტაკლის იდეას პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მთავრობის სახე.

„არაჩვეულებრივი დღე არის, ვინაიდან ჩვენ ერთ დარბაზში ვისხედით პატიმრებთან ერთად. ვიხილეთ არაჩვეულერბივი სპექტაკლი, რომელიც დადგმული იყო პატიმრების მონაწილეობით. მოვისმინეთ ჩვენი პატრიარქის არაჩვეულებრივი სიტყვები და მისი შეფასება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კახა კახიშვილს მართლაც ძალიან კრეატიული იდეის განხორციელებისა და პატიმრებისთვის მეტად ჰუმანური დღის ჩუქებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის სახე დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ეს არის სწორედ ჩვენს მიერ დამკვიდრებული პრინციპების კიდევ ერთხელ წარმოჩენა, რაც არის სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხელისუფალი იყოს სამართლიანი. სწორედ ეს ჰუმანური სახე არის იმის დამადასტრურებელი, თუ როგორ ვზრუნავთ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებზე, იქნებიან ესენი ჩვეულებრივი მოქალაქეები თუ პატიმრები. საბოლოო ჯამში, ეს არის ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება მართლაც ადამიანია. მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფება ეს ადამიანი  - დროებით ციხეში თუ ციხის გარეთ. მთავარია, ყოველი ხელისუფალი იყოს ორიენტირებული და კონცენტრირებული იმაზე, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამ იდეის განმახორციელებლებს, ორგანიზატორს, ბატონ კახა კახიშვილს და მის გუნდს, დამდგმელ რეჟისორს და მსახიობებს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ უწმინდესმა განაცხადა, რომ პატიმრების შეწყალების უფლება პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს. უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი უკვე ჰქონდა. პატრიარქის ინიციატივას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დაეთანხმა. კახა კახიშვილის განცხადებით  პატრიარქს, როგორც ერის წინამძღვარს, უნდა ჰქონდეს მსჯავრდებულების შეწყალების უფლება.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ მინისტრი კახა კახიშვილი უშუალოდ გაესაუბრა მსჯავრდებულებს და დღევანდელი დღისთვის მადლობა გადაუხადა.  

მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალურად შერჩეულ ჯგუფთან 4 თვის განმავლობაში შემოქმედებითი ჯგუფი  - თეატრის რეჟისორი, კინორეჟისორი, დრამატურგი და ფსიქოლოგი მუშაობდნენ. შეხვედრების დროს გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, მსჯავრდებული ქალბატონებისთვის პიესა დაიწერა. პიესის ავტორია ქეთევან პატარაია, დამდგმელი რეჟისორი მანანა კვირკველია. სპექტაკლის შინაარსის მიხედვით, დამნაშავე, რომელიც ბანკის ძარცვის მიზნით მძევლად აიყვანს 8 ქალბატონს და იარაღით ემუქრება, მათი ცხოვრებისეული ეპიზოდების მოსმენის შემდეგ მთლიანად იცვლება. ქალბატონებს თავადაც უზიარებს საკუთარ პრობლემებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს  და მძევლებს ათავისუფლებს. სპექტაკლში შვიდი მსჯავრდებული და ერთი ყოფილი მსჯავრდებული ქალბატონი მონაწილეობდა.

სპექტაკლის პარალელურად, თეატრის ფოიეში მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლის პენიტენციური დაწესებულების გარეთ დადგმა უპრეცედენტო შემთხვევაა. მსჯავრდებულებს, რომლებსაც წლების განმავლობაში არ დაუტოვებიათ დაწესებულება, საშუალება მიეცათ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ეთამაშათ. აღნიშნული ღონისძიება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის კუთხით უმნიშვნელოვანესია. რესოციალიზაციაზე და გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად დაბრუნებაზე ზრუნვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.